საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული შეხვედრაც გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პარტნიორთა მხარდაჭერის მობილიზაციის საკითხები განიხილეს.
მხარეებმა რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ აზოვის ზღვაში რუსეთის უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, ნატოს გადაწყვეტილება გაზარდოს თავისი წამომადგენლობა შავ ზღვაში, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მხარდაჭერას მიიღებს ვაშინგტონში, ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ მინისტერიალსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
საქართველოსათვის კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, განიხილება შავი ზღვის რეგიონში მსგავსი ცენტრის შექმნის ხელშეწყობის საკითხიც.
მხარეებმა თავდაცვის სამინისტროებს შორის, კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის დოკუმენტზეც ისაუბრეს, რომელსაც ხელი, ვიზიტის ფარგლებში, ხვალ მოეწერება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჟენევის მოლაპარაკებებმა ძალიან ფორმალური და ტექნიკური ხასიათი მიიღო, საჭიროა, საქრათველოს პარტნიორების მხარდაჭერით აღნიშნული ფორმატისათვის პოლიტიკური დონის ამაღლება.
ხაზი გაესვა საქართველოსათვის ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და ევროკავშირთან სხვა პოტენციური თანამშრომლობის ფორმატების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას, როგორც განათლებისა და კულტურის, ასევე სატრანსპორტო და სხვა მიმართულებებით, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მეტ იმპულსს მისცემს.