გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი „თიბისის“ საქმეზე: ეს 10-11 წლიანი ხანდაზმულობის საქმე არაა

8-03-2019

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ წერილი, რომელიც„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურას წარუდგინა, აბსურდია და მისგან აზრის გამოტანა რთულია.


„ერთის მხრივ, ეს ნამდვილად ფარატინა ქაღალდია და აქედან, ალბათ, აზრის გამოტანა შესაძლებელია, მაგრამ არ ვიცი, - რამდენად კარგად. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, რომელიც შეეხება 2008 წლის საქმეს და რომლის გადაფარვის მცდელობა მიდის მუდმივად; როგორც პროკურატურა ვარაუდობს, ამ დროს მოხდა გარკვეული სავარაუდო დანაშაული. მუდმივად შემოდის ახალ-ახალი თემები, რომ როგორმე ეს თემა გადაიფაროს. ხან ცდილობენ, რომ ეს ანაკლიის პორტს დაუკავშირონ, - მაშინ, როდესაც ამ საქმეს არანაირი კავშირი აქვს პორტთან, ხან გამოითქმება, რომ ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდება უნდა... შემდეგ საუბარი იყო იმაზე, თითქოს მას „თიბისი ბანკის“ ხელში ჩაგდება სურს, რის შემდეგაც ითქვა, რომ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება უნდა, რადგან ეს რუსეთის ინტერესებშია. ამ დროს, საქართველოს მთავრობა, სწორედაც, მთავარი მოთამაშეა ამ პორტის მშენებლობის საქმეში. ითქვა ისიც, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხაზარაძე და ჯაფარიძე უნდა დაიბარონ... შემდეგ ეს არ გამოვიდა და ითქვა, რომ რაღაც წერილი არსებობს, რომ ხაზარაძე წერილს არ გამოაჩენს და მის საფუძველზე, ჩვენებას მისცემს... თუ არ მივა და არ მისცემს ჩვენებას, - თუკი კომისია არ შეიქმნება... შემდეგ, როცა იძულებული გახდა, რომ ამ საკითხზე ჩვენება მიეცა, თქვა, რომ ამ წერილს არ გამოაქვეყნებდა. ბოლოს პროკურატურამ წერილი გამოაქვეყნა. არ ვიცი, ამ წერილიდან რამდენად შეიძლება ანალიზში შესვლა.

მას წერილის გამოქვეყნებას არავინ უშლიდა. ეს არანაირი დახურული საქმე არაა, - როგორც ამას ადვოკატი აცხადებს. ამ საქმეს არ ადევს გრიფი „საიდუმლო“ და ყველაფერი ძალიან ღიაა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.


პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეჭვქვეშ აყენებს იმ ტრანზაქციას, რომელიც 2008 წელს განხორციელდა. მისი შეფასებით, ამ საქმის არაერთი დეტალი აჩენს კითხვებს.


„2008 წელს ორ კონკრეტულ კომპანიაზე გაიცა სესხი 17 მილიონის ოდენობით და საქართველოს სინამდვილეში, ეს ძალიან დიდი თანხაა. მით უმეტეს, - 2008 წელს, როდესაც, როგორც თავად ხაზარაძე ამბობდა, ბანკი ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე იდგა. გაიცა სესხი და აღმოჩნდა, რომ ბანკის ორმა მმართველმა და მთავარმა აქციონერებმა არ იცოდნენ, რომ მათი ბანკიდან ამხელა თანხა გავიდა. მეორე დღეს, ეს 17 მილიონი, იმ ადამიანმა, რომელმაც თანხა გაიტანა, ის ასესხა ამ ორ ადამიანს, რის შემდეგაც ამ ორმა ადამიანმა თანხა, რამდენიმე თვეში, სადღაც ოფშორულ კომპანიაში გადაიტანა. ეს მოხდა 2012 წლის არჩევნებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, - დასვენების დღეს, - როცა ბანკი არ ფუნქციონირებს და ესეც რაღაც ნონსენსია. სავარაუდოდ, უკანა რიცხვით მოხდა არასწორი ტრანზაქციის გაფორმება. ომის დაწყებამდე ოთხი თვისა და ომის შემდეგ ორი თვე, ბანკის მხრიდან, არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა მსესხებელი კომპანიების მიმართ, რომ ფული დაებრუნებინათ ან ჯარიმა გადაეხადათ. ბოლოს, ეს თანხა მსესხებელს ჩამოაწერეს. ამის შემდეგ, კომპანიებს, რომელთაც ამხელა თანხა ჩამოაწერეს, წლების განმავლობაში, ისევ არაერთი სესხი მისცეს. ცხადია, რომ აქ გარკვეულ მაქინაციასთან გვაქვს საქმე. პირველი შეხედვით, ეს ასე ჩანს და დანარჩენს პროკურატურა და გამოძიება დაადგენს“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.


პრემიერის მრჩეველმა, „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას, ზაზა ოქუაშვილის საქმეც გაიხსენა. მისი შეფასებით, ამ ორ საქმეს ერთი რამ, - პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მცდელობა აერთიანებს.


„გამოდიან, ფარატინა ქაღალდს აფრიალებენ და ამბობენ, რომ აქ დანაშაულზეა ლაპარაკი. აქ ლაპარაკია ისეთ აბსურდებზე, რომელზეც კომენტირება ძალიან ძნელია. ზოგადად, ახლა ძალიან მოდაში შემოვიდა ასეთი განცხადებები; ქაღალდზე ამობეჭდილი წერილი, ან ვიღაცამ კომპიუტერზე მანახა რაღაც... მაგალითად, ოქუაშვილი, რომელზეც აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი - და მგონი, ამაზე ორჯერ მეტი - „საქართველოს ბანკის“ წინაშე ჰქონდა დავალიანება. ბოლოს, მან გადაწყვიტა, ამ ვალების გადახდას გაქცეოდა და თქვა, რომ კომპიუტერზე ანახეს რაღაც. ასეთი რაღაცებით სანქციებიდან გაქცევა ან შესაძლო დანაშაულის პასუხისგებიდან თავის არიდება რომ შეიძლებოდეს, ასეთ რამეს ყველა გააკეთებს“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სუბარის შეფასებით, გაუგებარია, როგორ გასცემდა ბანკი სესხს იმ მსესხებელზე, რომელმაც ოდესღაც მისგან 17 მილიონი ისესხა და ეს თანხა არ დააბრუნა.

„ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც 100-ლარიანი ვალიც კი, ერთი დღით გადაუცდება, - იგივე „თიბისი“ ყველაფერს უყადაღებს. მგონი, სუნთქვასაც კი უკრძალავენ, - სახლს, მანქანას, მიწას უყიდიან, და ყველაფერს, რაც კი აქვთ - ართმევენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 17 მილიონი ლარი ისე ჩამოაწერეს, ისე „გადააკატავეს“ ოფშორში არსებულ კომპანიაზე, რომლის დამფუძნებელიც მათი მეგობარია და ისე გააგრძელეს ამ კომპანიებბისთვის სესხების მიცემა, რომ თითქოს არაფერი მოხდება. მე ან თქვენ რომ გვქონდეს ასეთი შემთხვევა, პირდაპირ გაგვიყიდდნენ ყველაფერს. აბა, ჰკითხეთ ბატონ ანზორ ქოქოლაძეს, რისთვის წაართვეს „ელიტ ელექტრონიქსი“? ან კიდევ სხვა არაერთ ბიზნესმენს. ისინიც ასეთივე ბიზნესმენები იყვნენ და - არანაკლებ წარმატებულები“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.


კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე მაშინ, როცა შემთხვევას არ ჰყავს დაზარალებული, პრემიერის მრჩეველმა განმარტა, რომ არსებობს არა ერთი, არამედ - უამრავი დაზარალებული, რადგან ტრანზაქციამ სახელმწიფო ბიუჯეტი, შესაბამისად - მოქალაქეები აზარალა, რადგან ბანკმა თავი აარიდა მოგების გადასახადის, თანხის 20%-ის გადახდას. მისივე განცხადებით, საქმეში დაზარალებული მხარეა აქციონერებიც.


„ამ საქმეში არსებობს დაზარალებული და თან - არაერთი. პირველ რიგში, დაზარალებულია სახელმწიფო. მათ შეეძლოთ, ეს თანხა გაეტანათ როგორც დივიდენდი, როგორც მოგება. ამ შემთხვევაში, მათ მოგების გადასახადი უნდა გადაეხადათ. ეს თანხა დაგვაკლდათ თქვენ, მე, პენსიონერებს, გზებს, სკოლებს, განათლებას. ეს თანხა დააკლდათ აქცონერებს, რომელთაც, თუ ეს ყველაფერი ასე მოხდა, - ეს ფული ორმა მსხვილმა აქციონერმა სხვა წვრილ აქციონერებს მოჰპარა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.


პრემიერის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეს არ აქვს 10 ან 11-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რადგან ეროვნული ბანკისთვის ეს შემთხვევა „მას შემდეგ ამოტივტივდა“, რაც ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, 2016 წელს, თანამდებობა დატოვა. სოზარ სუბარი ამბობს, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება, ქადაგიძეს ეს საქმე არ ახსოვდეს (შეგახსენებთ, გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 2009 წლის 26 თებერვლიდან 2016 წლის 26 თებერვლამდე იკავებდა). სოზარ სუბარის განმარტებით, სახელმწიფოს ამ ტრანზაქციის გამოსააშკარავებლად არა 10 ან 11, არამედ 3 წელი ჰქონდა, - ანუ, დრო მას შემდეგ, რაც ქადაგიძემ თანამდებობა დატოვა.


„2008 წელს მოხდა პირველი შემთხვევა და დასრულდა 2012 წლის სექტემბერში. ამის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს ადამიანი - გიორგი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიბარეს დაკითხვაზე და თქვა, რომ მან არაფერი იცის ამის შესახებ, არაფერი ახსოვს და დავიწყებული აქვს. გამოდის, რომ მას არც უნდოდა დ არც აინტერესებდა ამ საქმის გამოკვლევა. 2016 წლიდან ქადაგიძე აღარაა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ანუ, რეალურად, ეროვნულ ბანკს, ჰქონდა სამი წელი, როდესაც რაღაცებს სწავლობდა. ამ შესწავლის დროს, ეს საქმე აღმოაჩინეს და შესწავლა დაიწყეს.


გამოდის, რომ არანაირი ყბადაღებული 10 და 11 წელი არ არსებობს. როგორც ჩანს, ქადაგიძის გადადგომიდან ძალიან მალე, ეს საქმე ამოტივტივდა და როდესაც ეროვნულმა ბანკმა ნახა, რომ იქ სერიოზულ დარღვევებს და სავარაუდოდ, დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი, - დაიწყო ეს მოქმედებები.


ეს არაა 10-11 წლიანი ხანდაზმულობის საქმე, რადგან იმ ადამიანის მმართველობის პირობებში, რომელიც ამბობს, რომ მას არაფერი არ ახსოვს, ბუნებრივია, ვერ მოხდებოდა ამ საქმის ამოტივტივება და მასზე გამოძიების თუ შესწავლის დაწყება. მე მის პაუხისმგებლობას არ ვაყენებ, მაგრამ არ მჯერა, რომ მას ეს საქმე არ ახსოვს. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ეს არ ახსოვს, სრულიად შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამ საქმეს არ გამოიძიებდა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031