8-03-2019
სამართალდამცავებმა ძარცვის სამ ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს. მან მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, გამოკითხვისას კი იმავე დღეს ჩადენილი ძარცვის კიდევ ორი ფაქტი აღიარა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული გ.კ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა თბილისში, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაძარცვი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოკითხვისას გ.კ.-მ მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ძარცვის კიდევ ორი ფაქტი აღიარა. კერძოდ, არასრულწლოვანი ალ.ყაზბეგის გამზირზე მდებარე სავაჭრო ჯიხურებიდან რამდენიმე კოლოფ სიგარეტს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
გამოძიება ძარცვის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.