გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს

8-03-2019

7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას მშობლიურ ქალაქში, სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ჟიულის დამ - ცისანა შარტავამ, გმირის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.


მეუფე შიომ, მეუფე საბამ, ალექსანდრე მოწერელიამ, ირაკლი ბერაიამ, ლევან კუპრეიშვილმა, ბაკურ გულუამ, რატი შარტავამ და დამირ კუჭავამ ჟიული შარტავას თავდადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში ჟიული შარტავასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში დაცემულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.


გმირის სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლაში საპატიო სტუმრები ეწვივნენ მისივე სახელობის კლას-კაბინეტს, რომლის შემდეგაც სკოლის საკონცერტო დარბაზში ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. დიდ ეკრანსა და სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა სამშობლოსათვის გულანთებული მამულიშვილის, მამულის ფიქრითა და გარჯით სავსე, ცოტნე დადიანის დარი კაცის - ჟიული შარტავას ცხოვრების გზა - ყრმობა, ოჯახი და გარემო, სადაც იგი ჩამოყალიბდა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრულის ამბავი... ამბავი კაცისა, ვინც მთელ თაობას ნამუსი მოწმინდა და ღირსება დაუბრუნა. ვისი შესაძლებლობების განსაზღვრა, მართლაც რომ, შეუძლებელი იყო. ვინც, სულიერების მწვერვალს მიღწეულმა, მოწამეობრივი აღსასრულით, საოცარი მაგალითი დაგვიტოვა, მაგალითი, რომელიც გვავალებს, მაქსიმალური გავიღოთ ქვეყნის სასიკეთოდ, მისი გარდაუვალი გამთლიანებისა და შემდგომი განვითარებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031