გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცნობილია როგორ დაჯარიმდებიან ჰაერის დაბინძურებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები

11-03-2019

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების საკითხის დარეგულირების მიზნით ადგენს გარკვეულ სამართალდარღვევებს და მათ შესაბამის სანქციებს.


კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას განმარტებით, კანონპროექტი მომზადდა თბილისის მერიასთან ერთად და ეხება იმ პრობლემას, რომელზეც კომიტეტი თითქმის ერთი წელია მუშაობს.

"ჩვენ საკომიტეტო მოკვლევა ჩავატარეთ და დავადგინეთ, რომ ტექნიკურად გაუმართავი მანქანების გარდა, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ასევე არის სამშენებლო და ბუნებრივი მტვერი. სამშენებლო მტვერის საკითხის მიმართულებით თბილისის მერიამ გადადგა ნაბიჯი და მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ. კანონპროექტი ეხება შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსებასთან, რეალიზაციასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას. კანონპროექტით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის პირველ ივლისამდე უნდა განსაზღვროს წესი, რომლის მიხედვითაც ისინი აკრძალავენ და გააკონტროლებენ ასეთი მასალების შენახვას და განთავსებას",-განაცხადა კახაბერ კუჭავამ.


ერთ-ერთი ცვლილების თანახმად: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით; აღნიშნული დარღვევა ჩადენილი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 2000 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი - 6000 ლარის ოდენობით.


კანონპროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა.), რომელიც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.


კანონპროექტით გათვალისწინებულია, ასევე სანქციები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვაზე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას და სხვა.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930