გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს

11-03-2019

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, არ გადამდგარა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს.


წულუკიანი ამბობს, რომ თუ ამ საკითხებზე ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, „ის გვერდზე გაიწევა“.


„პირველ რიგში, შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ. თუმცა არის ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია და მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება, თუნდაც ამჟამად პარლამენტში მიმდინარეს. ეს არის საკითხი, რომელიც არის ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, თანამდებობა არ არის ფასეული“, – განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე, აღნიშნული საკითხი ხომ არ უკავშირდება მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ ეს არის წმინდად მისი უწყების უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა.


„როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა. ეს არ ეხება რომელიმე რეფორმას ან რომელიმე პროცესს, მათ შორის პარლამენტში მიმდინარეს. ამიტომაც თავს შევიკავებ ამ თემაზე დღეს ღიად საუბრისგან, რადგან შიგნით ვმსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში. მაგრამ რამე ტრაგიკული არ ხდება. ვფიქრობ, ეს არის ჯანსაღი პროცესი და თუ ვნახე, რომ პოზიცია, რომელიც მე მაქვს არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, თანამდებობიდან მისი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის.


„მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


პირველი არხი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031