გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
პუტინი კონდოლიზა რაისს თითით დაემუქრა და გააფრთხილა: „თუ სააკაშვილი რაიმეს დაიწყებს, მას უკვე ჩვენ დავამთავრებთ“ - ამერიკელი დიპლომატის სკანდალური მემუარები

25-03-2019

აშშ-ში გამომავალი ცნობილი ჟურნალის, «The Atlantic»ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი - უილიამ ბერნსი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში 2005-2008 წლებში - მსჯელობს იმაზე, თუ რატომ გაუარესდა ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობა. მისი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში რუსეთში უკანონობა მეფობდა, ხოლო არაკომპენეტენტური პრეზიდენტი ბორის ელცინი დასავლეთს უფლებას აძლევდა, რომ რუსეთის სისუსტით ესარგებლა. თავის მხრივ, პრეზიდენტი ბილ კლინტონი შექმნილ ვითარებას მშვენივრად იყენებდა. შემდეგ რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერი პუტინი გახდა და ბარაკ ობამასთან მისი ხანმოკლე პარტნიორობა წყენა-უნდობლობით შეიცვალა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი მემუარულ-ანალიტიკური სტატიიდან:


„ვლადიმერ პუტინმა კრემლში მისვლის დასაწყისიდან ჯორჯ ბუშთან პარტნიორობის ერთგვარი ტესტირება მოახდინა - ისე, როგორც მის ხედვებს შეესაბამებოდა, რუსეთის ინტერესებისა და პრივილეგიების გათვალისწინებით. 2001 წლის სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებს სთავაზობდა ტერორიზმთან ბრძოლაში ძალების გაერთიანებას, თუმცა ეს უნდა მომხდარიყო პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის განსაკუთრებული გავლენისა და როლის აღიარების სანაცვლოდ, აგრეთვე იმ პირობით, რომ ნატოში ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გაწევრიანების შემდეგ დასავლეთი აღარაფერს არ მოითხოვდა და რუსეთის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. მაგრამ ასეთი გარიგების დადება შეუძლებელი იყო: ვლადიმერ პუტინმა თავიდანვე არასწორად, თავისებურად გაიგო აშშ-ის ინტერესების და პოლიტიკის არსი - ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას რუსეთისათვის არაფრის დათმობის სურვილი არ სურდა, თუნდაც „ალ-ქაიდასთან“ ბრძოლაში დახმარებისათვის. ჯორჯ ბუში არ იყო იმ განწყობაზე, რომ სუსტ სახელმწიფოსთან კომპრომისებზე წასულიყო.

მოგვიანებით კი უკვე თვითონ ვლადიმერ პუტინმაც „გადახრა-გადაღუნვები“ დაიწყო და სიტუაცია უფრო გაუარესდა. რუსეთში კორუფცია გაფართოვდა, პრეზიდენტი თავის გარემოცვას [უკანონო] გამდიდრების საშუალებას აძლევდა. პარალელურად გაძლიერდა მისი ეჭვები აშშ-ის განზრახვების მიმართ.

„ვლადიმერ პუტინი დემოკრატი არასოდეს არ ყოფილა, საჯაროობა და პოლიტიკური კონკურენცია მას დისკომფორტს უქმნის“, - ვწერდი მე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისათვის გაგზავნილ ტელეგრამაში. როგორც ჩანდა, ამერიკული დემოკრატია ვლადიმერ პუტინისათვის „ტროას ცხენის“ როლს ასრულებდა, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის გავლენის სფეროების შეზღუდვის მიზნით იყენებდა. ვლადიმერ პუტინი მიიჩნევდა, რომ რუსეთს, როგორც დიდ სახელმწიფოს, უფლება აქვს თავისი გავლენის სფეროები ჰქონდესო. როცა საქართველოში „ვარდების რევოლუციისა“ და უკრაინაში „ნარინჯის რევოკლუციის“ შედეგად პრორუსი ლიდერების ხელისუფლება დაემხო, ვლადიმერ პუტინის ნერვიულობა უფრო გაძლიერდა.


2006 წლის ოქტომბერში მე კონდოლიზა რაისთან ერთად ვმონაწილეობდი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებაში, მოსკოვის ახლოს მდებარე მის რეზიდენციაში. რუსეთის პრეზიდენტმა სამი საათი გვალოდინა - ეს მისი სტანდარტული ხრიკი იყო, რომლითაც იგი სარგებლობდა ხოლმე, როცა უცხოელი ლიდერების წონასწორობიდან გამოყვანა და მათი დამცირება სურდა. კონდოლიზა რაისი ვლადიმერ პუტინს მოთმინებით ელოდა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ტელევიზორში სპორტულ არხს უყურებდა: მას რაიმე უკმაყოფილობის ან გაღიზიანების ნიშანი არ გამოუმჟღავნებია. ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთის პრეზიდენტი გამოჩნდა და ყურადღება დაგვითმო. საუბარი [მშვიდად] მიმდინარეობდა მანამდე, სანამ კონდოლიზა რაისი არ შეეხო რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, მოსკოვ- თბილისს შორის დაძაბულობის ზრდასა და პრონატოურ-პროდასავლელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ისევე როგორც რუსული პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი, ვლადიმერ პუტინიც ელოდა პატივისცემას თავისი პატარა მეზობლების მხრიდან, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ამ მხრივ ურყევი იყო.


ვლადიმერ პუტინიდან მომდინარე „შიშისმომგვრელი აურა“ მისი თავშეკავებული მანერებით, დაყენებული ხმითა და დაჟინებული მზერით ყალიბდება. როცა მას საკუთარი თვალსაზრისის დამტკიცება სურს, იგი უფრო გამოცოცხლდება ხოლმე: თვალებს აელვარებს და ხმას უწევს. როცა მის რეზიდენციაში ანთებულ ბუხართან ვიდექით, ვლადიმერ პუტინი თითით დაიმუქრა და გაგვაფრთხილა: „თუ მიხეილ სააკაშვილი რაიმეს დაიწყებს, მას უკვე ჩვენ დავამთავრებთ“. მის გვერდით მდგომი კონდოლიზა რაისი თავისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების წყალობით ვლადიმერ პუტინზე რამდენიმე სანტიმეტრით მაღალი ჩანდა და ის, რომ პრეზიდენტს სახელმწიფო მდივნისათვის დაბლიდან ყურება უწევდა, ვლადიმერ პუტინის განწყობას უფრო აუარესებდა.


„მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მარიონეტია ამერიკის შეერთებული შტატების ხელში“, - მკვახედ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, - „თქვენ ძაფების დამოკლება [მისი მოქმედების შეზღუდვა] მოგიწევთ, სანამ პრობლემა არ გაჩენილა“. ბუხართან დაწყებული შეხლა-შემოხლა მალევე შეწყდა, მაგრამ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან და უკრაინასთან არ გაუმჯობესებულა. ვლადიმერ პუტინი ზეწოლას აგრძელებდა.


რადგანაც ვღელავდი, როგორ რეაგირებას მოახდენდა ვლადიმერ პუტინი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის განზრახვის მიმართ საქართველოს და უკრაინის ნატოში მიწვევის თაობაზე, გადავწყვიტე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გამეფრთხილებინა.


2008 წლის თებერვლის ერთ სევდისმომგვრელ დღეს, როცა მოსკოვში განუწყვეტლად თოვდა და სარკმლის მიღმა მსხვილი ფანტელები ცვიოდა, სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისი სახელზე გრძელი წერილი დავწერე და ხაზი გავუსვი, რომ ვლადიმერ პუტინი სერიოზულ გამოწვევად ჩათვლის აშშ-ის ყოველ მოქმედებას, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან იქნება დაკავშირებული. „დღეს რუსეთს უკვე შეუძლია პასუხის გაცემა, - ვწერდი, - [ჩვენი დამოკიდებულება საქართველოსა და უკრაინის მიმართ] ვლადიმერ პუტინისათვის კარგი საბაბი იქნება ყირიმისა და დონბასის საქმეეში ჩარევისათვის. ასევე ძალიან მაღალია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის წარმოქმნაც“.


ამ წერილიდან რამდენიმე თვის შემდეგ ვლადიმერ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნამდვილად გაჩნდა კონფლიქტი და... რუსეთი საქართველოში შეიჭრა“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930