გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
აშშ-ში გამომავალი სომხური გამოცემა: ქართული ეკლესიის სიხარბე? სომხურ ეკლესიებზე სომხურენოვანი წარწერები წაშლილია

2-04-2019

შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტში გამომავალი გაზეთი «The Armenian Weekly», გარენ ეკპარიანის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი საქართველოს შესახებ წერს და ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსს გაუგებარს უწოდებს. ასევე, გარენ ეკპარიანი საქართველოს ეკლესიის შესახებაც წერს და ეჭვობს, რომ საქართველოში სომხური ეკლესია პრივილეგიებით არ სარგებლობს.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


ბოდიშს ვიხდი რეი ჩარლზის ხსოვნის წინაშე იმისათვის, რომ ამ სტატიას სათაურად მისი სიმღერის სახელი ვუწოდე. არადა, ვაღიარებ, მეც საქართველოზე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, მე მხედველობაში მაქვს ის საქართველო, რომელიც ამერიკული შტატი „ჯორჯია“ კი არ არის, არამედ კავკასიაში, სომხეთის ჩრდილოეთით არსებული სახელმწიფოა, შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე რომ მდებარეობს. და ჩემი ფიქრები რეი ჩარლზის „ძველ ტკბილ სიმღერას“ არ ჰგავს, პირიქით - შემაშფოთებელია.


კარგად მესმის სხვა სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის მოტივები (თუმცა შეიძლება ვცდები და საკუთარ თავს გადაჭარბებულად ვაფასებ), მაგრამ არ შემიძლია იგივე ვთქვა საქართველოზე და ქართველებზე (უფრო სწორად, ყველა იქ მცხოვრებ ხალხებზე). მე შემიძლია გამოვთქვა აზრი, თუ რა ამოძრავებთ სომხეთისა და არცახის საკითხში აზერბაიჯანს, თურქეთს და ირანს (სომხეთის უახლოეს მეზობლებს), რუსეთს, ევროპულ ქვეყნებს და აშშ-საც, მაგრამ საქართველოს რა უნდა, ამის თქმა არ შემიძლია.


სამწუხაროდ, ჩვენ ბევრს ვერაფერს ვკითხულობთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე სომხურ მასმედიაში, განსაკუთრებით კი სომხური დიასპორის პრესაში. ამიტომაც, როგორც ვფიქრობ, აუცილებელია დროდადრო მოვლენებს გადავხედოთ ხოლმე, რომ საქმის კურსში ვიყოთ - თუნდაც იმ მიზეზით, რომ ჩრდილოელი მეზობელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დანარჩენ მსოფლიოში გასასვლელი ქვეყანას წარმოადგენს.


2018 წლის ივლისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გათავისუფლება დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან არაკონსტიტუციური ქმედებაა. როგორც ახალი ამბების საშუალებით შევიტყვე, ამ საკითხზე სარჩელი სხვა ეკლესიებს წარუდგენიათ. არ ვიცი, მათ შორის სომხური ეკლესიაც ფიგურირებდა თუ არა, მაგრამ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქართველოში ეკლესიებს პრობლემები აქვთ, მათ შორის სომხურსაც.


პრობლემები კი დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა - ვთქვათ, ტაძრების კუთვნილების საკითხში: როგორც წავიკითხე, ქართულ ეკლესიას ბევრი სომხური ტაძარი მიუთვისებია და ეს სადაო საკითხი დღემდე არაა გადაწყვეტილი. ვისი ბრალია, ჩემთვის გაუგებარია. იქნებ ეს საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია? ან ქართული ეკლესიის სიხარბის მაჩვენებელი? თუ ეს ასეა, აქვს თუ არა ქართულ ეკლესიას სხვისი ქონების მიტაცებაში სახელმწიფოს მხარდაჭერა? ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ რიგ სომხურ ეკლესიებზე სომხურენოვანი წარწერები წაშლილია ან დაფარულია - იმ მიზნით, რომ ეკლესიის ჭეშმარიტი წარმომავლობა დაფარონ.


საქართველო თურქეთის გავლენას განიცდის. ამის დამადასტურებელი ფაქტია ის, რაც თბილისის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) დაემართა, როცა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, მას 2018-2019 წლებში სტუდენტების მიღება აეკრძალა. როგორც ჟურნალისტ გიორგი მჭედლიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში - „საქართველოს უხერხული მეზობელი“ - წავიკითხე, თურმე ეს ყველაფერი არადემოკრატიული თურქეთის ზეწოლით მომხდარა: IBSU „ტერორისტი გიულენისტების“ თავშესაფარია და საქართველოს მთავრობამ ამ საქმეს უნდა მიხედოსო (ფეთულა გიულენი ადრე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მეგობარი იყო, ახლა კი ერდოღანი ძველ მეგობარს ტერორიზმის სულისჩამდგმელად და პირად მტრად თვლის).


ის, რომ IBSU-ს „დასჯის“ საკითხში საქართველო თურქეთის მოთხოვნას დაეთანხმა, იმით აიხსნება, რომ თბილისი ვაჭრობის საკითხში ანკარაზეა დამოკიდებული. ალბათ, ერევანი ფიქრობს, რომ საქართველოს დამთმობი პოლიტიკა სომხეთისათვის არასასიამოვნო ნიშანი და ცუდი შედეგების მომტანია, მაგრამ ჩემი აზრით, სომხებისთვის ეს შეიძლება კარგიც კი იყოს: გიულენისტები ხომ შეუზღუდავ პროთურქულ პროპაგანდას ეწეოდნენ მთელ მსოფლიოში, თანაც მრავალი წლის განმავლობაში და თურქეთის იმიჯს ალამაზებდნენ, [ახლა კი ნელ-ნელა იზღუდებიან]. ცხადია, მე არ ვფიქრობ, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი მართლაც გიულენისტების თავშეფარი იყო. უბრალოდ, IBSU-ს „გიულენისტობა“ იმით იყო განპირობებული, რომ დაფინანსებას ნაწილობრივ ფეთულა გიულენის ფონდიდან იღებდა.


ჩემი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი „საოცარი“ მაგალითია (წინა ფაქტის საპირისპირო მოვლენა) ის, რომ საქართველოს მთავრობამ უარყო აშშ-ის ელჩის კანდიდატურა! როგორც ჟურნალ Foreign Policy-დან ირკვევა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ელჩობის კანდიდატი თურმე ქვეყნის ექს-პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონია. იმავე პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში, ბრონქსში ცხოვრობს, ახლო ნათესავის ბინაში, არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის, ხოლო მის ყოფილ სამშობლოში სასამართლოს მიერ დაუსწრებლად ექვსი წლით ციხე აქვს მისჯილი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო.


რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ ასეთი ფაქტების შემყურე? გამოდის, რომ საქართველოს მთავრობა „უწვება“ თურქეთს და იმავდროულად, ეურჩება ვაშინგტონს?

იმედი მაქვს, ამ მაგალითებით მკითხველი დარწმუნდება, თუ რატომაა ჩემთვის გაუგებარი ქართული საგარეო პოლიტიკა. ამიტომაც ჩვენთვის, სომხებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია ვეცადოთ იმის გაგებას, თუ რა ამოძრავებს საქართველოს. ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნის პოლიტიკის საქმის კურსში, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სომხეთის რესპუბლიკისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930