გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

4-04-2019

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კვირეული დაიწყო, რომელიც კამპანიის - „მადლობა თავისუფლებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.


9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანიდან 5 რეგიონიდან იყო. კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს იმ რეგიონების საზოგადოებრივ ცენტრებში მართავს, საიდანაც 5 დაღუპული გმირი იყო.


პირველი ღონისძიება 4 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეს საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა, რადგან 9 აპრილს დაღუპულთაგან ორი - შალვა (დათო) ქვასროლიაშვილი და მამუკა ნოზაძე კახეთის რეგიონიდან იყვნენ.


შეხვედრაზე ისტორიკოსმა, პროფესორმა - ოთარ ჯანელიძემ ახალგაზრდებთან, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან 9 აპრილის მოვლენებსა და საქართველოს ისტორიაში ამ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრო. მან 9 აპრილის მოვლენები, როგორც თვითმხილველმა და აქციის მონაწილემ გაიხსენა.


შეხვედრის ბოლოს ნაჩვენები იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, რომელიც ეძღვნება 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებსა და 21 დაღუპულს. რგოლში სიმბოლურადაა ნაჩვენები 21 მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი (1989-2019 წლები), რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და განვითარებას შეუწყო ხელი. თუმცა, ეს 21 თარიღი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ბევრი მნიშვნელოვანი თარიღის, რამაც მოგვაპოვებინა თავისუფლება და რის გამოც მადლობელი ვართ.


კვირეულის მიზანია 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 21 ადამიანის მიმართ მადლიერების გამოხატვა, მათი ხსოვნისა და ოჯახის წევრებისთვის პატივის მიგება, ასევე, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ მოვლენებთან დაკავშირებით.

შეხვედრებს, სიმბოლური დატვირთვა აქვს და ეხმაურება 3 მნიშვნელოვან თარიღს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამდე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, პირველი ღონისძიება 4 აპრილს მიეძღვნა, როდესაც საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია, ათეულ ათასობით ქართველი თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა და შიმშილობა მხოლოდ ერთი მოთხოვნით დაიწყო - აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა.


მეორე ღონისძიება 8 აპრილს გურიის რეგიონში გაიმართება, საიდანაც, ასევე 9 აპრილს დაღუპულები - ნინო თოიძე და ნატო გიორგაძე იყვნენ.
ღონისძიებათა ციკლი 9 აპრილს სამეგრელოს რეგიონში დასრულდება, საიდანაც აზა ადამია იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031