გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია

2-02-2018

იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანის გადაცემის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ქვეყანაში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრებისა და ავტოპარკის განახლების კუთხით - ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ავტომანქანების შსს-თვის გადაცემა.

პრემიერმა იაპონიის ელჩ ტადაჰარუ უეჰარას და კომპანია "მიცუბიშის" უფროს აღმასრულებელ დირექტორ ჰირო კუიჰარას საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

„გასულ კვირას იაპონია ძალიან აქტუალური იყო საქართველოში. ამისთვის ჩვენ გვქონდა ორი მიზეზი - სუმოისტმა საქართველოდან, ტოჩინოშინმა, ანუ ლევან გორგაძემ მოიპოვა იაპონიის იმპერატორის თასი და მე ძალიან გამიხარდა, როდესაც იაპონიის ელჩმა პირველმა მომილოცა ეს წარმატება. დიდი მადლობა ბატონო ელჩო, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა; იაპონია ასევე აქტუალურია ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზით, რომლის გამოც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ - ეს გახლავთ 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომანქანა პატრულისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ავტოპარკის განახლებისა და ახალი სტანდარტის დამკვიდრების კუთხით. საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება გახლავთ ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ, ამ მიმართულებით, უკვე გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ეს გახლავთ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების დაწყება, შეღავათიანი დასაბეგრი რეჟიმი ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებზე. ელექტრო ავტომანქანების იმპორტი მთლიანად გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, ხოლო ჰიბრიდულ ავტომანქანებზე 60%-ით შევამცირეთ დასაბეგრი განაკვეთები. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს უკვე ქვეყანაში იმპორტირებული ავტომანქანების 35-40% სწორედ ჰიბრიდულ მანქანებს უკავია. რა თქმა უნდა, ეკოლოგიაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ავტომანქანები თავდაპირველად მინისტრთა კაბინეტისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, აღნიშნული საჩუქრის საპატრულო პოლიციისთვის გადაცემის გადაწყვეტილებაში მთავრობა ერთსულოვანი იყო.

„როდესაც მე დავსვი საკითხი, მიგვეღო ამ ნაჩუქარი 96 ავტომობილის საპატრულო პოლიციისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, მინისტრთა კაბინეტში იყო სრული მხარდაჭერა და კონსოლიდაცია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სწორედ საპატრულო პოლიცია იყოს პიონერი ჩვენს ქვეყანაში ასეთი სიახლეების დანერგვისა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიციაში ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე იგეგმება და ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წარმატებები უსურვა.

„ძალიან საინტერესო გეგმებია. მინდა, მინისტრს ვუსურვო წარმატება და მე ამ წარმატებაში დარწმუნებული ვარ. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ პოლიციის წარმატებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრიგს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ყველა ჩვენგანის წარმატებაა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი იაპონიის მთავრობას და კორპორაცია „მიცუბიშის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას, რომელიც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ის ტერიტორიაზე გაიმართა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის ელჩი და კორპორაცია „მიცუბიშის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930