9-04-2019
"დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს პირდაპირ უნდა განუცხადოს: „ნატოს წევრი ქვეყნების სია უკვე დახურულია. სამუდამოდ. შეერთებული შტატები ამიერიდან ვერავის ვეღარ მისცემს გარანტიებს რუსეთთან ბრძოლაში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებული საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან ჩვენი საკუთარი სამხრეთ საზღვრებიდანაც სისხლი წვეთავს“-წერს ამერიკულ გამოცემა «The American Conservative»-ში აშშ-ს სამი პრეზიდენტის მრჩეველი პატრიკ ბიუკენენი და განაგრძობს:
- ასეთი განცხადება უპირველესად თვითონ იენს სტოლტენბერგის საყურადღებოდ უნდა გაკეთდეს, რომელმაც 25 მარტს თბილისში ყოფნისას მთელ მსოფლიოს გასაგონად თქვა: „ნატოს 29 წევრმა ღიად განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდებაო...“. თბილისის ნატოში სწრაფვასთან დაკავშირებით, რუსეთის უარყოფითი პოზიციის პასუხად, იენს სტოლტენბერგი შეეცადა ვლადიმერ პუტინი „ერთ ადგილზე მოეჯინა“ და მას ასეთი მიმართვა გაუგზავნა: „ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა წყვეტდეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ნატოს წევრებიო“.
მაგრამ რას ნიშნავს საქართველოს ნატოში გაწევრიანება?
ამერიკის შეერთებული შტატები ელვისებურად აღმოჩნდება ჩათრეული რუსეთთან კონფლიქტში - ისეთში, როგორიც 1938-1939 წლებში იყო სუდეტის ოლქისა და დანციგის გამო და რომლებმაც ევროპა მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა.
2008 წელს საქართველოს ხელმძღვანელმა, რომელსაც აშშ-ის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, წინდაუხედავად უბრძანა თავის არმიას, რომ სამხრეთ ოსეთი დაეკავებინა - მცირე პროვინცია, რომელიც რამდენიმე წლით ადრე გამოეყო საქართველოს. რადგან ქართული არმიის შეტევის შედეგად რუსი მშვიდობისმყოფლები დაიღუპნენ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპასუხოდ სამხრეთ ოსეთში თავისი არმიის ქვედანაყოფები გაგზავნა, რათა იქიდან ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაეძევებინა. ორიოდე დღეში რუსეთის არმიამ თითქმის მთელი საქართველო დაიკავა. „ჩვენ ახლა ყველა ქართველები ვართო!“, - განაცხადა იმ დღეებში უკიდურესმა ინტერვენციონისტმა ჯონ მაკკეინმა, თუმცა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსს, რომელიც უკვე დაბრძენებული იყო, არაფერი არ გაუკეთებია.
2008 წელს რომ საქართველო ნატოს წევრი ყოფილიყო, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდებოდა სამხრეთ ოსეთის - პატარა ანკლავის გამო, რომლის შესახებ ამერიკელთა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენაც არ ჰქონდა.
მაშ რატომ უნდა მივიღოთ ნატოს რიგებში საქართველო, როცა თბილისს ისევ აქვს პრეტენზია გამოყოფილ პროვინციებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რომლებსაც მოსკოვი აკონტროლებს და იცავს? განა ჩვენ გვაკლია სადაო საკითხები, რომლებსაც ომის გამოწვევა შეუძლიათ? ირანთან - სპარსეთის ყურეში, ჩინეთთან - სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩრდილო კორეასთან, იმავე რუსეთთან - ბალტიისა და შავ ზღვებზე? ერაყში, სირიაში, იემენში, ავღანეთსა და სომალიში, სადაც ჩვენ უკვე ვიბრძვით? პლუს ჩვენს ნახევარსფეროშიც - ვენესუელაში...
ნეოკონსერვატორებს (ნეოკონებს) და რესპუბლიკელებს შორის ინტერვენციონიზმის პოლიტიკის მომხრეთა რიგებში უკვე დიდი ხანია არსებობს აქტიური ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას... მაგრამ უკრაინის მიღება უფრო დიდი სიგიჟე იქნება, ვიდრე საქართველოსი.
რუსეთს ყირიმი აქვს ანექსირებული. მოსკოვი მხარს უჭერს პრორუს ამბოხებულებს დონბასში - უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას იმიტომ არ ემორჩილებიან, რომ ხუთი წლის წინათ კიევში მათ მიერ არჩეული და მხარდაჭერილი პრეზიდენტი დაამხეს, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად.
კატასტროფად შეუტრიალდა კიევს ამასწინანდელი მცდელობა ქერჩის სრუტეში თავისი გემების გატარებისათვის, ფორმალური გაფრთხილების გარეშე. ეს წესი ვლადიმერ პუტინმა შემოიღო - ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით. უკრაინელი მეზღვაურები რუსმა სამხედროებმა დააკავეს და ისინი ჯერ კიდევ არ არიან გათავისუფლებულები.
როგორც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს უკრაინას, ჩვენ ის რუსეთთან ომისაკენ არ უნდა წავაქეზოთ, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. ცივი ომის პერიოდის არცერთ ამერიკელ პრეზიდენტს - ჰარი ტრუმენიდან დაწყებული და ჯორჯ ბუშ-უფროსით დამთავრებული - ასეთი იდეა თავში არ მოუვიდოდა. ბუშ I ვარაუდობდა, რომ უკრაინამ რუსეთთან კავშირები უნდა შეინარჩუნოსო და თვლიდა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის მოძრაობა „თვითმკვლელური ნაციონალიზმიდან“ არის დაბადებულიო.
დონალ ტრამპი სავსებით სამართლიანად ითხოვს, რომ ევროპელებმა ნატოს ხარჯებზე პასუხისმგებლობის თავიანთი წილი აიღონ, მაგრამ ფულზე უფრო სერიოზულ პრობლემაა რისკების წარმოქმნის საკითხი.
ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს წევრებად კიდევ 13 სახელმწიფო მიიღეს - ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები - ლიტუვა, ლატვია, ესტონეთი და ბალკანეთის ექვსი ქვეყანა - ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია, ხორვატეთი, ალბანეთი და ბოლოს - ჩერნოგორია.
თბილისის ახლოს ამას წინათ გამართულ ნატო-საქართველოს სამხედრო წრთვნებს შვედეთის, ფინეთის და აზერბაიჯანელებიც ესწრებოდნენ. იქნებ ამ ქვეყნებსაც შეუძლიათ სამხედრო გარანტიების მიღება შეერთებული შტატებისაგან?
და თუ ჩვენი ინტერესები მათ მიმართ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მაშინ რატომ ვიღებთ ვალდებულებას ომი დავიწყოთ ბირთვული იარაღის მფლობელ რუსეთთან? და ეს მაშინ, როცა მსგავსი ომის თავიდან აცილება მთავარი პრიორიტეტი იყო ცივი ომის ეპოქის ჩვენი ყველა რვა პრეზიდენტისათვის!
ვლადიმერ პუტინის რუსეთმა, რომელსაც რაღაც მომენტში დონალდ ტრამპთან ახალი ურთიერთობების დამყარების იმედი ჰქონდა, როგორც ჩანს, ახლა ხელი აქვს ჩაქნეული ამერიკელებზე და ჩინეთისაკენ დაიწყო დრეიფი.
გასულ კვირას ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში 100 რუსი სამხედრო მოსამსახურე ჩაფრინდა. ამ ფაქტის გამო გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ აღშფოთებულმა მოითხოვა - „რუსებო, ჩვენი ეზოდან გაეთრიეთო“, მონროს დოქტრინის შესაბამისად.
საკვირველია პირდაპირ! ვინ უახლოვდებოდა და შედიოდა რუსეთის „ეზოში“ ბოლო 20 წლის განმავლობაში?
დიდებულად აქვს დაწერილი ცნობილ შოტლანდიელ პოეტს [რობერტ ბერნსს] -„ღმერთების უდიდესი საჩუქარი ის იქნებოდა, რომ ჩვენ საკუთარი თავი ისეთი დავინახოთ, როგორსაც სხვები გვხედავენ“.
---------
პატრიკ ბიუკენენი - ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და პუბლიცისტი, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრი, სამი პრეზიდენტის - რიჩარდ ნიქსონის, ჯერალდ ფორდის და რონალდ რეიგანის მრჩეველი, მრავალი წიგნის ავტორი, ჟურნალის რედაქტორი...
p.s. იბეჭდება მცირე შემოკლებით