13-04-2019
მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში შეხვედრას მართავს.
არ ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას, საპარლამენტოსა და პარტიულს და ისე, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ მოძრაობასაც აქვს გავლენა ცხოვრებაზეც და პოლიტიკაზეც – ამის შესახებ „დაიცავი საქართველოს” ლიდერმა, პოეტმა დავით მაღრაძემ ფილარმონიაში განაცხადა.
შეკრებას ესწრება დეპუტატი ეკა ბესელიაც. მისი თქმით, დღევანდელი შეკრების იდეა არის თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, ღირსება.
"დღეს იკრიბება საზოგადოება, ვინც შეწუხებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, ვისაც აწუხებს სამართლიანობა როგორც იდეა, რომელიც ვერ აღსრულდა, ამიტომ დღეს საზოგადოებაა მასპინძელი და არა ჩვენ, პოლიტიკოსები" - აცხადებს დეპუტატი.
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა წარმოიშვას.
„შესაძლოა, ეს მოძრაობა პარტიად არ გადაკეთდეს, მაგრამ ახალი პოლიტიკური ძალა იშვას იმ ადამიანების მონაწილეობით, ვისთვისაც ეს ღირებულებები დღესაც ისევე აქტუალური, მნიშვნელოვანია. ეს არის შემდეგი პროცესი, ამას არ გამოვრიცხავდი, მაგრამ არა ის, რომ „დაიცავი საქართველო“ გახდეს პარტია, არამედ იმ ადამიანების მონაწილეობით შედგეს ახალი პოლიტიკური ერთობა, ვისაც მიაჩნია, რომ უნდა იყოს ქვეყანაში უკეთესი მომავალი.დღეს აქ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომლებიც მოსამართლეების შერჩევას შეეხება” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეკრებას ასევე შეუერთდა „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
„მისვლა და მოსმენა შემომთავაზა დათო მაღრაძემ და მივალ და მოვუსმენ დღეს. ხვალაც მივალ და მოვუსმენ ყველას, ვინც ჩათვლის, რომ ოცნება შესაცვლელია, მაგრამ არა ნაცური რევანშით ან რუსული ზღაპრით" - აღნიშნავს უსუფაშვილი.
შეკრებაზე ასევე სხვა პოლიტიკური თუ საზოგადო სახეებიც გამოჩნდნენ.
13-01-2025