20-04-2019
უკრაინაში ძალიან ბევრი სერიოზულად ფიქრობს, რომ თუ ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმერ ზელენსკი იქნება არჩეული, მაშინ ის ადამიანები, რომლებიც ადრე იდევნებოდნენ, დაბრუნდებიან და რევანშს აიღებენ - იგორ კოლომოისკიდან დაწყებული, ვიქტორ იანუკოვიჩით დამთავრებული. როგორც ცნობილია, უკრაინაში დაბრუნების სურვილზე ამას წინათ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. არაა გამორიცხული ექს-პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვიც იგივეს ფიქრობდეს. მოხდება თუ არა მსგავსი რამ, ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ EtСetera-ს კორესპონდენტს პოლიტოლოგი ვლადიმერ ფესენკო ესაუბრა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულნოვან ვერსიას შემოკლებით:
პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დაბრუნებაზე კი ოცნებობს, მაგრამ სურვილი ერთია და რეალური დაბრუნება - მეორე. რასაკვირველია, პეტრო პოროშენკოს წასვლის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ბარიერების რაოდენობა მცირდება, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, ამას დრო ჭირდება: იურიდიული დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაისინჯება პეტრო პოროშენკოს ადრე მიღებული გადაწყვეტილებები. მაგრამ საკითხი მხოლოდ ამით არ ამოიწურება:
„არ მჯერა ვარაუდებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ ზელენსკის გარემოცვაში აღმოჩნდება, რომ მასზე გავლენას მოახდენს და ა.შ. რა თქმა უნდა, მათ შორის შეხვედრები იქნება, მაგრამ მე კარგად მაქვს წარმოდგენილი ერთი რამ: ვლადიმერ ზელენსკის გარემოცვას კარგად ესმის ის მომენტი, რომ თუ მათ გვერდით მიხეილ სააკაშვილი დადგება, იგი ჯერ მათი მეგობარი, პარტნიორი და მრჩეველი იქნება, ხვალ კი ის აუცილებლად სახიფათო მოწინააღმდეგედ და მტრად გადაექცევათ. ამიტომაც ზელენსკელებმა არ უნდა დაუშვან გვერდით საქართველოს ექს-პრეზიდენტის ყოფნა ან მის მიმართ რაიმე პრეფერენციები, ვთქვათ, რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა, თორემ მათ ასეთი ნაბიჯი უკან შეუბრუნდებათ. ეს იქნებოდა უდიდესი შეცდომა“, - ამბობს ვლადიმერ ფესენკო.
პოლიტოლოგი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნების შემთხვევაში რაღაც საქმიანობას დაიწყებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, იგი დღეს უკრაინაში თითქმის არავის არ ჭირდება: „ხაზს ვუსვამ - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არავის არ ჭირდება: არც ვლადიმერ ზელენსკის, არც იულია ტიმოშენკოს, მით უმეტეს - არც პეტრო პოროშენკოს და ვიკარჩუკის მსგავს ახალ მოთამაშეებს. როგორც კი დაბრუნდება, მიხეილ სააკაშვილი სწრაფად მიხვდება, რომ მისმა მატარებელმა ჩაიარა, ქვეყანაში მისი ადგილი აღარ არის. უკრაინის საზოგადოება იცვლება და შესაბამისად, პოლიტიკურ ლანდშაფტში იგი ვეღარ ჩაეწერება. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება მიხეილ სააკაშვილისათვის“, - ამბობს EtСetera-სთან საუბარში ვლადიმერ ფესენკო.