23-04-2019
„საქართველოში მდებარე პანკისის ხეობაში სასტიკი შეტაკება მოხდა: ადგილობრივი მცხოვრებლებმა პოლიციის თანამშრომლებს შეუტიეს, რომლებიც ჰიდროელეტროსადგურის მშენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. დაპირისპირების შედეგად 55 ადამიანი დაზარალდა, მათგან 23 წესრიგის დამცველი. ყველა საავადმყოფოებში იქნა გადაყვანილი, მათ სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ექსპერტების თქმით, მომხდარი ინციდენტის მიზეზი მხოლოდ არაერთგვაროვანი პროექტი არაა, არამედ თბილისის დაუფიქრებელი ეროვნული პოლიტიკა, რომლის შედეგად ქვეყნის რუკაზე შეიძლება ახალი „ცხელი წერტილი“ გაჩნდეს“, - ასე იწყება რუსული გამოცემის, «Известия»-ს მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომელშიც ვრცლად არის გადმოცემული პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანთან, ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფს შორის მომხდარი შეტაკება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ იგორ კარმაზინის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს, რომელიც გარდა ფაქტების აღწერისა, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულ და დეზინფორმაციულ ხასიათსაც ატარებს:
„საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პერმანენტულად იზრდება. მართალია, ზაფხულში ელექტროენერგიის დეფიციტის მხრივ პრობლემები არაა, მაგრამ სამაგიეროდ ზამთარში გამომუშავებული ელექტრონერგია საკმარისი არაა. ამიტომ ქვეყანაში რამდენიმე ჰესი შენდება. ზოგიერთის მიმართ მოსახლეობასა და ეკოლოგებს პრეტენზიები აქვთ, მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმში, ასევე სვანეთშიც. პანკისის ხეობაში, მდ.ალაზანზე მშენებარე ჰესს ადგილობრივი ქისტი (ჩეჩნური) მოსახლეობა რამდენიმე თვეა აპროტესტებს. ყველაზე მეტად აქტიურობს სოფელ ბირკიანის მოსახლოება. მათ ჰგონიათ, რომ „ხადორჰესის“ მშენებლობა ადგილობრივ მიკროკლიმატს შეცვლის და ხეობის ეკოლოგია დაზარალდება - „წყალსაცავი ხეობას ჭაობად გადააქცევს“. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ „ხადორჰესის“ მშენებლობა პერსპექტიულია და ეს პანკისის ხეობისთვისაც სასარგებლოა: იქმნება სამუშაო ადგილები, იაფი ელექტროენერგია.
„ქალები ქვებით ხელში“
„მშენებელმა კომპანიამ ჰესთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, თუმცა სიტუაცია მაინც გამწვავდა: მოსახლეობამ დაწვა სამშენებლო მძიმე ტექნიკა, ქვები დაუშინა პოლიციის ქვედანაყოფებს, შემდეგ კი მათი სპეცტექნიკაც გაანადგურეს. მომხდარ დაპირისპირებაში, ახალგაზრდებთან ერთად, ხანში შესული ქისტი ქალებიც მონაწილეობდნენ. ისინი ქვებს ესროდნენ ხეობაში დამატებით შეყვანილ პოლიციის ძალებს. მომხდარი ინციდენტის ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც ჩავიდა“.
„ჩეჩნური ხეობა“
პანკისის ხეობა გარესამყაროსგან მოწყვეტილი მიკოროსაზოგადოებას წარმოადგენს, 11 ათასამდე მოსახლეობით. თბილისამდე 100 კილომეტრია, მთიანი გზის გავლისათვის თითქმის სამი საათია საჭირო. შედარებით უფრო ახლოსაა (30 კმ.) პანკისელი ქისტების ისტორიული სამშობლო - ჩეჩნეთი. ისინი სწორედ ჩეჩნეთიდან ჩამოვიდნენ მე-19 საუკუნეში.
ქისტებს დახურული ცხოვრების წესი აქვთ, დაკავებულნი არიან მესაქონლეობით და მიწათმოქმედებით, პატივს სცემენ ბუნებას და იცავენ ლანდშაფტის ხელუხლებლობას. ბევრმა ქართული ენა სუსტად იცის, ლაპარაკობენ ძირითადად ჩეჩნურ ენაზე. რელიგიურად მუსლიმანები არიან. პანკისის ხეობაში ჩეჩნეთიდან განსაკუთრებით ბევრი ლტოლვილი ჩავიდა 1994-1996 წლებში, ომის გამო. პანკისი თანდათან ჩეჩენი „ბოევიკების“ ზურგის ბაზად გადაიქცა. ხეობა სახიფათო ტერიტორიად იქნა შერაცხული, ხშირი იყო ადამიანთა გატაცება, ყვაოდა კონტრაბანდა.
ბოლო წლებში ქართულ მასმედია პანკისს „ისლამისტების ხეობასაც“ უწოდებს. ჯერ კიდევ მეორე ჩეჩნურ კამპანიის დაწყებამდე საველე მეთაურმა ჰატაბმა პანკისში ჰოსპიტალი დაარსა დაჭრილი მებრძოლების მკურნალობის მიზნით, ააშენა მეჩეთები და „ბოევიკთა“ საწრთვნელი ბანაკები. პანკისში რადიკალურმა განწყობა განსაკუთრებით იმატა სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების მომენტში. ყველაზე ცნობილი პანკისელი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ „სამხედრო მინისტრი“ თარხან ბათირაშვილი (აბუ-ომარ ალ-შიშანი). იგი სწორედ ბირკიანშია დაბადებული და სირიაში 2016 წელს მოკლეს.
„ისლამური იატაკქვეშეთი?!“
შეტაკების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ხეობიდან პოლიციის ქვედანაყოფები გაიყვანა. ძალის გამოყენება დაგმო პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ სახელმწიფოს ხეობაში ჰესის აშენება სურს, მაშინ მოსახლეობას მეტი უპირატესობა უნდა მისცეს. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტი ამოწურული არაა: „დაპირისპირებას სიღრმული მიზეზები აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაქრა ის ფარი, რომელიც [საქართველოში მცხოვრებ] ეროვნულ უმცირესობებს ქართველი ნაციონალისტებისაგან იცავდა. პირველ რიგში ეს აფხაზებმა და ოსებმა იგრძნეს, მაგრამ პრობლემები აქვს სომხურ დიასპორასაც, ასევე აჭარის მოსახლეობასაც და, რა თქმა უნდა, ჩეჩნებს. ქისტები სულ უფრო რადიკალები ხდებიან. ეს თბილისის გაურკვეველი ეროვნული პოლიტიკის შედეგია“, - ამბობს «Известия»-სთან საუბარში რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (РИСИ) კავკასიური კვლევების ხელმძღვანელი არტურ ატაევი.
პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ჰესის მშენებლობისას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება გამოიჩინა: წინასწარ პანკისელ ავტორიტეტებთან კონტაქტები არ ჰქონია, არც რელიგიურ ლიდერებთან: „რუსეთში გვაქვს კანონი საზოგადოებრივი მოსმენების შესახებ, რომლის მიხედვით, მოსახლეობას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოხატოს პროექტების რეალიზების დროს. საქართველოში კი მოსახლეობასთან შეხვედრებზე და მათი აზრის მოსმენაზე დროს არ ხარჯავენ“, - ხაზს უსვამს სტატიის ავტორთან საუბრისას არტურ ატაევი.
პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ სხვა ერების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულებისა და „ეროვნული სიმაყის“ გამო ქართველებმა სამუდამოდ დაკარგეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, „მაგრამ ამ ფაქტმა თბილისს აშკარად არაფერი ასწავლა. თუ მთავრობა პანკისში ადგილობრივ მცხოვრებლებთან დიალოგის გამართვას ვერ შეძლებს, მაშინ შედეგები ძალზე მძიმე და არასასურველი იქნება. დაპირისპირების ესკალაციის შემთხვევაში საქართველოში, ქვეყნის შიგნით არსებული ისლამური იატაკქვეშეთი გააქტიურდება“, - ვარაუდობს პოლიტოლოგი.
-----------
პანკისში მომხდარი ინციდენტზე წერს აზერბაიჯანული მასმედიაც: გაზეთ «Каспий»-ში (23 აპრილი) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პანკისში მღელვარებაა: ადგილობრივი ჩეჩნები ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჰესის მშენებლობის საკითხში არ ეთანხმებიან“ (ავტორი - რაუფ ორუჯევი). პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ხეობაში მომხდარი დაპირისპირების მიზეზები და შედეგები. ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პოზიტიურ მოქმედებას - მცდელობას კონფლიქტის განმუხტვის მიზნით (წყარო: http://www.kaspiy.az/pages/q.pdf).