5-02-2018
პირველი ლედი ქვეყნის განსაკუთრებული ფიგურაა. ის უამრავ საქმიანობასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებაზეც ახდენს გავლენას და სახელმწიფოს მართვაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, საინტერესოა მისი ქცევა და ჟესტიკულაცია საზოგადოებისთვის. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, საქართველოს პირველი ლედები განგვეხილა, რისთვისაც კავკასიის სამართლის აკადემიის გენერალურ დირექტორს გიორგი მათიაშვილს მივმართეთ.
მანანა არჩვაძე
ზოგადად, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე უფრო სიძლიერით გამოირჩევა. საზოგადოებაშიც არსებობს აზრი, რომ ძირითადად მანანა იყო შემოქმედი იმ ყველაფრის, რაც ხდებოდა მაშინ და ძალიან დიდი გავლენა
ჰქონდა მას ზვიად გამსახურდიაზე. მანანა არჩვაძე ძალაუფლების მოყვარული ქალბატონია და ეს მის ჩვევებში და მიმიკებშიც ჩანს. საკმაოდ მაღალი ხმის ტემბრი აქვს და საუბრის დროს ტონალობაც ძლიერი. გარდა ამისა, ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა მიტინგებში, გამოსვლებში და თავის აზრს მყარად და მოურიდებლად აფიქსირებდა.
ნანული შევარდნაძე
ედუარდ შევარდნაძის მეუღლე, ნანული შევარდნაძე უფრო დინჯი ქალბატონი იყო და ძირითადად დიასახლისობით იყო დაკავებული. ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში ხუმრობდა კიდეც - ზოგადად, კაცი დღის განმავლობაში 25 000 სიტყვას ამბობს და ქალი 30 000-ს. მე, როდესაც დაღლილი მივდიოდი სახლში, ჩემი სიტყვების მარაგი დახარჯული მქონდა, ნანული კი მთელი დღე მარტო გახლდათ ოჯახში და როცა სახლში შევდიოდი, მაშინ იწყებდა სიტყვების დახარჯვასო. ის არანაირი პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა. შესაბამისად, არც არანაირ პოლიტიკურ პროცესებში ერეოდა.
სანდრა რულოვსი
სანდრა რულოვს საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანის იმიჯი ჰქონდა და ძირითადად, ქველმოქმედის როლში გვევლინებოდა. ესეც შეიძლება ერთგვარი პიარია და მას ურჩევდნენ, რომ ამგვარად მოქცეულიყვნენ. თუმცა, რამდენად გამოსდიოდა, ესეც საინტერესოა. სანდრა რულოვსზე შეიძლება ითქვას, რომ iს იყო ადამიანი, რომელიც ნაკლებად გამოირჩეოდა ჟესტებით.