4-05-2019
სარაჯიშვილის მეტროსადგურზე გუშინ მომხდარ ტრაგედიას მედიაში "ფეიქ ნიუსების" გავრცელება და გაურკვევლობა მოჰყვა.
გავრცელდა ფოტო, რომელზეც თითქოს გარდაცვლილი გიორგი ბადალაშვილი იყო ასახული, თუმცა რეალურად, როგორც ირკვევა, სახელი და გვარი ემთხვევა, მაგრამ გარდაცვლილია სხვა პიროვნება, ასევე გიორგი ბადალაშვილი, რომელიც 20 წლის იყო, ხოლო გავრცელებულ ფოტოზე ასახულია 16 წლის გიორგი ბადალაშვილი.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში 16 წლის ბადალაშვილმა გაავრცელა ფოტო, სადაც იგი ტელევიზორთან ჩანს, რათა დაედასტურებინა, რომ ნამდვილად ცოცხალია.
"როდესაც ტელევიზიით იგებ რომ მოკვდი", - წერს გიორგი ბადალაშვილი.
16 წლის გიორგი ბადალაშვილის დედის თქმით, არასწორი ინფორმაცია ოჯახისათვის უმძიმესი იყო და ამის გამო იცინი მზად არიან, სასამართლოს მიმართონ.
"ტელევიზიით ვნახე, რომ ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა, ამ დროს ჩემი შვილის ფოტო აჩვენეს და თქვეს, რომ გარდაცვლილი გიორგი ბადალაშვილი იყო. ჩემი შვილი 16 წლის არის. ის სავარჯიშოდ იყო წასული და ტელეფონი სახლში ქონდა დატოვებული. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ვიდრე სახლში დაბრუნდებოდა მის შესახებ არაფერი ვიცოდით და ერთადერთი შვილი ცოცხლად ვიგლოვეთ. ჩემს მეუღლეს დიაბეტი აქვს და ლამის ხელებში ჩამაკვდა. ამას არავის ვაპატიებ. ახლაც კი სამძიმრის წერილებს და ზარებს ვიღებ. მთელი ოჯახი სანათესაო და სამეზობლო გავნადგურდით. ერთადერთი შვილი მყავს, წარმოიდგინეთ გაჩვენებენ ფოტოს და გეუბნებიან, რომ გარდაიცვალა. ათასი რამ ვიფიქრე, გარდატეხის ასაკშია", - აცხადებს 16 წლის გიორგი ბადალაშვილის დედა.
შემთხვევა სარაჯიშვილის მეტროსადგურზე გუშინ მოხდა. 20 წლის ახალგაზრდა მატარებლის შესვლის დროს ლიანდაგებზე გადახტა. ახალგაზრდა მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.