6-05-2019
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა პოლონეთში მოქმედ ტელეარხ Белсат ТВ-ის პროგრამა Прасвет-ის კორესპონდენტს ალინა კოვშიკს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:
- თქვენ მიესალმეთ ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებას. იმედი გაქვთ, რომ მის გუნდში თქვენი ადგილიც მოიძებნება?
- დიახ, მე მივესალმე მის გამარჯვებას. რა თქმა უნდა, უკრაინაში დავბრუნდები... უკრაინულ პოლიტიკაში ვიქნები თუ არა, ეს უკრაინელების გადასაწყვეტია, მაგრამ თვით უკრაინაში აუცილებლად დავბრუნდები. მე უკანონოდ წამართვეს უკრაინის მოქალაქეობა, როცა ქვეყნიდან ბანდიტური მეთოდით გამაძევეს. ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ ჩადენილი უკანონობა უნდა გამოსწორდეს. იგივე ხდება საქართველოში ჩემი დაბრუნების საკითხში - არც საქართველოში არ მიშვებენ. ვლადიმერ პუტინი ისევ არის დაინტერესებული ჩემი მდგომარეობით, ახლახან მახსენა პრეს-კონფერენციის დროს. იგი ჩემს საკითხს არა მარტო თავის კაცთან იხილავს საქართველოში, არა მარტო პეტრო პოროშენკოს მოუწოდებდა უკრაინიდან ჩემს გაძევებას, არამედ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანსაც კი ეუბნებოდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებსაც, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა ამიკრძალონ. ეს ძალზე უსამართლო სიტუაციაა. მთელ მსოფლიოში დავდივარ და ჩემს სახლში - თბილისსა და კიევში ჩასვლა არ შემიძლია. ასე რომ, მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.
- განა ასეთი რა აწყენინეთ, „რა აჭამეთ“ ვლადიმერ პუტინს?
- გასაგებია ვლადიმერ პუტინის პოზიცია - კაცი, რომელიც აცხადებდა, რომ მე სხეულის ერთი ადგილით ჩამომკიდებდა, არ გამოუვიდა. მე მსოფლიოში თავისუფლად დავდივარ, მე რჩევებს მეკითხებიან, კარგად მღებულობენ... პროცესები ისე ვითარდება, როგორც მე ვწინასწარმეტყველებდი... ვლადიმერ პუტინი მიჩვეულია, რომ თავისი მტრები სწრაფად გაანადგუროს, ყოველგვარი მრავალწლიანი გაგრძელებების გარეშე. მას არ სურს, რომ ისინი კიდევ სადმე იყვნენ... ჰოდა, გასაგებია მისი მდგომარეობა. რაც შეეხება ოლიგარქებს უკრაინაში და საქართველოში, ისინიც გაღიზიანებულნი არიან [ჩემი აქტიურობით].
- თქვენ ფიქრობთ, რომ ორ ლიდერს - ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მართლაც არსებობს კონფლიქტი?
- ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენჯერმე პრინციპულ მომენტებში ისე არ გააკეთა, როგორც ვლადიმერ პუტინს სურდა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში ვლადიმერ პუტინი არა მარტო ყველანაირად ახდენდა ზეწოლას ალექსანდრე ლუკაშენკოზე, არამედ მას ორ მილიარდ დოლარსაც სთავაზობდა. იმ დროს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იყო და ბუნებრივია, ბელარუსსაც დიდი პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ალექსანდრე ლუკაშენკომ აღიარება ფულზე არ გაცვალა. მას ფული ძალიან ჭირდებოდა, მაგრამ უარი თქვა. ეს ფაქტია.
ანდა უკრაინის საკითხი ავიღოთ: სიტუაცია რეალურად ისეთი იყო, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსულ აგრესიას მხარი არ დაუჭირა. ასე რომ არ გაეკეთებინა, უკრაინის საქმე ცუდად წავიდოდა. გარდა ამისა, ალექსანდდრე ლუკაშენკო არც ყირიმის რუსეთისადმი მიერთებას არ აღიარებს. ამასთან, როცა ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის არ ეთანხმება ხოლმე, იგი ამით პრორუსულად განწყობილი თავისი მოქალაქეების წინააღმდეგაც მიდის. ბელარუსში რუსეთის ტელევიზია იმარჯვებს. თვითონ პრეზიდენტი ტელეარხ Мир-ს უყურებს, მაგრამ ყველა მისი მოქალაქე - РТР-ს და НТВ-ს გადაცემებს უცქერს. ეს ტელევიზიები მოსახლეობას შხამავს. ამიტომაც ბელარუსში სქართველოს შესახებ საზოგადოებრივი აზრი ხშირად განსხვავდება პრეზიდენტის აზრისაგან. მოსკოვის ზეწოლის პირობებში, ალექსანდრე ლუკაშენკო მაინც გამოდიოდა საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგ და ამას, როგორც ვატყობ, იგი ბელარუსის უზენაესი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებდა. ეს რომ არ ავღნიშნო, არ შეიძლება... როცა ბელარუსის მიერ ჩვენი ტერიტორიების აღიარება-არაღიარების საკითხი დადგა, ყველა ევროპელი ლიდერი მეუბნებოდა, რომ არც კი შეეცადო ალექსანდრე ლუკაშენკოსთან დალაპარაკებას, იგი მოსკოვს დაუწვებაო... მაგრამ არ დაუწვა. ეს ფაქტია.
- როდის ელაპარაკეთ ბოლო დროს ალექსანდრე ლუკაშენკოს?
- მასთან დიდი ხანია პირადი ურთიერთობა არ მქონია. ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ იდგა. მეეჭვება, რომ ბელარუსში ჩავიდე. ბელარუსს რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს და ალაბათ, „შავ სიაში“ ვარ შეტანილი. თუმცა, რა თქმა უნდა, კონტაქტები მაქვს ბევრ ბელარუსთან. ბელარუსები ძალიან განათლებული ადამიანებია, მათ დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვთ. სამწუხაროა, რომ [ქვეყნის განვითარება] გეოპოლიტიკური მიზეზის გამო დამუხრუჭდა...
- რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვისაც, რომ მათ თავიანთი დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ?
- მე მგონია, რომ ყველაზე მთავარი მაინც ხალხის ნებაა, ხალხის ძალა. არ არსებობს ხალხი, რომ თავისუფლება არ სურდეს. უკრაინელებმა ეს ახლახან აჩვენეს. ვხედავდით, თუ როგორ ცდილობდა პეტრო პოროშენკო ძალაუფლების შენარჩუნებას - ფულებით, ჭუჭყიანი პოლიტტექნოლოგებით, ტრიუკებით, ფალსიფიცირებით, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. საქართველოში [ასეთმა მეთოდებმა] ნაწილობრივ იმუშავა, მაგრამ გასულ არჩევნებში ჩვენ დიდი ზიანი მივაყენეთ ბიძინა ივანიშვილს და მე არ ვფიქრობ, რომ ის წელში გამართვას მოახერხებს. ვფიქრობ, თვეების საკითხია, სანამ იგი საქართველოს ხელისუფლებაში იქნება... ამიტომაც ჩვენ უნდა ვიცოდთ, რომ თავისუფლება არაფერზე არ გაიცვლება. თავისუფლება უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს.
- ჩვენ ვიცით, რომ ჯერ-ჯერობით უკრაინაში შესვლაზე უარი გითხრეს. რას აპირებთ სამომავლოდ? დაბრუნდებით უკრაინის პოლიტიკაში?
- სანამ პეტრო პოროშენკო ჯერ-ჯერობით ისევ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას და სანამ მას კვლავ ემორჩილება უკრაინის სასაზღვრო ძალები, მე დაველოდები იმ დროს, როცა ვლადიმერ ზელენსკი ოფიციალურად დაიწყებს პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას. მას დახმარება ჭირდება და მე დავეხმარები იმის განხორციელებაში, რასაც ხალხს დაპირდა. მე უკრაინაში თანამდებობას არ ვეძებ...
- აბა, რას ეძებთ?
- მე მინდა კიევში ჩემს მეგობრებს შორის ვიყო... გარდა ამისა, ვატყობ, რომ ახლა პოლიტიკაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაებმება. საჭიროა მათი მომზადება, ლექციების ჩატარება, კონსულტირება... მე ამ საქმეს სიამოვნებით გავაკეთებ...
- ნიშნავს თუ არა ეს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულდა?
- არა, რატომ... მე საქართველოში დიდი გეგმები მაქვს. საქართველო გადასარჩენია. მე ახლა ყველა ქართველი ემიგრანტის კონსოლიდირებას ვახდენ მთელ მსოფლიოში. წინ [12 მაისს] დიდი ყრილობა გვაქვს მიუნხენში და ჩვენ დავიწყებთ საქართველოს გადარჩენის პროცესს, საქართველოს ისევ განვითარების ლიანდაგებზე დავაყენებთ. მჯერა, რომ უკრაინა ჩვენი რეგიონის ზესახელმწიფო იქნება, მაგრამ იმავდროულად საქართველოც იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყანა უკრაინის ფონზე. საქართველო პატარაა და მისი სწორი განვითარების რელსებზე გადაყვანა ადვილია. საქართველო იქნება [კავკასიური] სინგაპური, დუბაი, ჰონკონგი - დემოკრატიული შეფერილობით... უკრაინას ჩემს სახლად ვთვლი, მაგრამ საქართველოს გადარჩენა ჩემთვის პირველი რიგის საკითხია. ეს არ ნიშნავს, რომ მე კიევში არ ჩავალ. მე აუცილებლად ჩავალ უკრაინაში, შემდეგ კი თბილისში.
წყარო: «Белсат TV» (პოლონეთი)