გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
საქართველომ შესაძლოა რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხოს

7-05-2019

რუსული გამოცემა «КоммерсантЪ»-ი, ჟურნალისტ ნატალია კორჩენკოვას ავტორობით სტატიას აქვეყნებს, სადაც განხილულია რუსეთის სტატუსის საკითხი ევროპის საბჭოში.


„როგორც ცნობილია, რუსეთი, პოლიტიკური მიზეზების გამო, რამდენიმე თვეა განგებ არ იხდის საწევრო შესატანებს ამ ორგანიზაციაში, რაც შეიძლება მისი გარიცხვის მიზეზიც კი გახდეს. შესაბამისად, რუსეთი აღარ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს“, - ნათქვამია მასალაში.


მას შემდეგ, რაც 2017 წელს ევროპის საბჭომ მკაცრად დაგმო ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ და რუსეთს უფლებები შეუზღუდა, კრემლმა გადაწყვიტა, რომ საწევრო შესატანები არ გადეხადა. ევროსაბჭოს წესდების მიხედვით, თუ რომელიმე წევრი ქვეყანა ორი წლის მანძილზე თავის ფინანსურ ვალდებულებას არ ასრულებს, მაშინ მისი წევრობა შეჩერებული იქნება. რუსეთს ვადა 2019 წლის ივნისში გასდის, მისი ვალი ევროსაბჭოს წინაშე უკვე 60 მილიონ ევროა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ რუსეთის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას ევროსაბჭო სექტემბერში მიიღებს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროსაბჭოს ბიუჯეტის დეფიციტი 18 მილიონი ევროს შეადგენს და აქედან გამომდინარე, მას რუსული საწევრო შესატანები ძალიან ჭირდება. მოკლედ, იბადება კითხვა: გარიცხავს თუ არა სინამდვილეში ევროსაბჭო რუსეთს, თუ რაიმე კომპრომისზე დათანხმდება?


რამდენად შესაძლებელია, რომ ევროპის საბჭომ რუსეთი თავისი რიგებიდან გარიცხოს? მოსკოვს ევროსაბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავს - ივანე სოლტანოვსკი. მისი თქმით, რუსეთი ყველანაირ ვერსიას ამუშავებს და მზად შეხვდება მოსალოდნელ გადაწყვეტილებას.


როგორც ლიტვის დელეგაციის წევრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ეგიდიუს ვარეიკისი ამბობს, არსებული მდგომარეობიდან ერთი გამოსავალია: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პროპაგანდა, რომ თითქოს ევროპის საბჭოა დამნაშავე. პირიქით, მოსკოვმა თვითონ შექმნა სიტუაცია თავის წინააღმდეგ. თუ კრემლი შეწყვეტს ანტიევროპულ პროპაგანდას, მაშინ ევროსაბჭოც, თავის მხრივ, გარკვეულ დათმობებზე შეიძლება წავიდეს:


„მესმის, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ძნელია რუსეთის მიმართ კომპრომისზე წასვლა, მაგრამ საერთო გადაწყვეტილების მიღება მაინც შესაძლებელია“.


სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბიულეტენის“ მთავარი რედაქტორის იური ბერესტნევის თქმით, მაისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში ცვლილებები მოხდება - ფინეთი თავმჯდომარეობას საფრანგეთს გადასცემს: „მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის რთული ურთიერთობის გათვალისწინებითაც კი, ფრანგები რუსეთის გარიცხვის ინიციატორად გამოვლენ, თანაც საწევროს გადაუხდელობის გამო. ამიტომაც პარიზი დროს გააჭიანურებს. ვინ იქნება შემდეგი? კომიტეტის თავმჯდომარე ნოემბერში უკვე საქართველო უნდა იყოს. ფრანგები ქართველებს ეტყვიან - ყველა საქმე რუსეთთან თქვენ გაარჩიეთო“-აცხადებს ბერესტნევი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930