წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გაძლიერდა
21-12-2017
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებისა რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. ამასთან თუ ქმედება დაცული ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება. კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.
გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ნაძვის ხეების რეალიზაცია დასაშვებია, თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში - ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს ე.წ. ცხელ წერტილებში - სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელებთან და დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე ახორციელებს.
საჯარიმო სანქციები წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე, გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64-ე, 64(1)-ე 66-ე, 151-ე, 151(1)-ე, 128(2)-ე მუხლებით.
წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვებისას, როგორც წესი, ჭრიან მცენარის ვარჯის წვერს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა. ასევე ხდება მოზარდ-აღმონაცენის მოჭრა-განადგურება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წიწვოვანი ხეების უკანონო ჭრების პრევენციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, კამპანიას „ნუ მოჭრი-მორთე“ აგრძელებს, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, თავი შეიკავოს წიწვოვანი ნარგავების უკანონო რეალიზაციისგან. ხის უკანონო ჭრა დასჯადია.