მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი ისტორიული ნაშთების კონსერვაცია განხორციელდება
21-12-2017
თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი ისტორიული ნაშთების კონსერვაციას, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით განახორციელებს. გადაწყვეტილება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგად იქნა მიღებული.
თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მტკვრის ქუჩაზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის დროს, აგურით ნაშენი წყალშემკრები საკომუნიკაციო ნაგებობა აღმოაჩინეს. ფაქტის შესასწავლად, თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, რის შემდეგაც, არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა და სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ისტორიული კოლექტორის კონსერვაცია მიწით დაფარვის წესით განხორციელდეს.
სპეციალისტების კვლევით დადგინდა, რომ აგურით ნაშენი ნაგებობის არქეოლოგიურ თვალსაჩინოებად შენარჩუნების ძირითად დამაბრკოლებელ გარემოებას გრუნტის წყლები და საბჭოთა პერიოდში დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს. არქეოლოგიური ობიექტის ძირი მუდმივად იფარება წყლით, რაც მის დაჭაობებასა და ანტისანიტარიის კერის წარმოქმნას იწვევს.
დასკვნის მიხედვით, ნაგებობის ნაშთების სრულფასოვანი კვლევის მიზნით წარმოებული მიწის სამუშაოები, მომიჯნავე შენობების (საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო) საძირკვლების მოშიშვლებას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პრიორიტეტს თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება წარმოადგენს. შესაბამისად, მტკვრის ქუჩაზე ისტორიული ობიექტის შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ გაგრძელდება.
ობიექტის კონსერვაციამდე, არქეოლოგიური ნაშთის ანაზომებისა და ფოტო-ფიქსაციის პროცესი ჩატარდება. კონსერვაციის შემდგომ კი, არქეოლოგიური ობიექტის მდებარეობის ადგილზე საინფორმაციო დაფა განთავსდება.