16-05-2019
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოვიდა.
მან კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის ეწევიან.
"ასევე, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენს დიდ კულტურას გადასცემთ მომავალ თაობებს.
სხვათა შორის, გუშინ ქართული კინოს 111 წლის იუბილე აღინიშნა. მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის საკრებულოს სახელდების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი წარმატებული მსახიობების სახელები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩას დაერქვას. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. მინდა, თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა, რომ ჩართული ხართ იმ პროექტებში, რომელსაც დედაქალაქის მერია კულტურის მიმართულებით ახორციელებს. ბატონ ლადო კახაძეს 19 მაისს ვუსურვებ გამარჯვება. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის გამარჯვება, ეს იქნება მთლიანად მთაწმინდის რაიონის გამარჯვება. ჩვენ ყველა ერთად, ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, დედაქალაქის მერიასა და საკრებულოსთან, საქართველოს პარლამენტთან ერთად ჩვენ ვიქნებით ის ერთი ოჯახი, დიდი გუნდი, რომელიც შეძლებს ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დღეს მთაწმინდას და ზოგადად თბილისს აწუხებს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული ქალაქი, გამართული ინფრასტრუქტურითა და მწვანე სივრცეებით. ამ პროცესში კი თითოეული თქვენგანის მონაწილეობა და როლი ძალიან მნიშვნელოვანია"-განაცხადა კახა კალაძემ.