გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი თვითმმართველობების გაძლიერებაა

21-05-2019

ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს, აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე განაცხადა. ფორუმი სახელწოდებით - „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში" წყალტუბოში გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძლიერი თვითმმართველობის გარეშე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დამარცხება წარმოუდგენელია. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ თვითმმართველობების გაძლიერებაა.

„ჩვენი პრიორიტეტია ძლიერი რეგიონები, ინკლუზიური ზრდა, რომელიც საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს, რომ ავაშენოთ წარმატებული ქვეყანა. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მოგვიტანა მახინჯი ეკონომიკური სისტემა. მე ამის თქმა არასდროს არ მომერიდება, ძალიან მარტივი სტატისტიკური მონაცემების გამო. ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 50 პროცენტი დამოკიდებულია სამასი კომპანიის მხრიდან შემონატანებზე. აქედან ყოველი მეორე არის ურთიერთდაკავშირებული პირი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლების 50 პროცენტი ფაქტობრივად დამოკიდებულია 150 ბიზნეს ჯგუფზე. ეს ბუნებრივია აისახება ყველაფერზე. აისახება იმაზე, რომ ჩვენს რეგიონებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სრულფასოვნად წარმოეჩინათ თავისი ეკონომიკური პოტენციალი და მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიის განვითარებაში, მის დივერსიფიკაციაში. ეს არის ძალიან რთული ამოცანა, რომ ეს მოცემულობა შეცვალო, მაგრამ ყველამ ერთად, ერთობლივი ძალებით უნდა შევძლოთ ეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ამ თვალსაზრისით შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა და მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა საკმაოდ რთული სამუშაო გასწია.

„მოგეხსენებათ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჩვენს მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში, იყო გარკვეულწილად ჩამორჩენები. წელს მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ბიუჯეტი თქვენთვის, ისევე როგორც რეგიონალურ დონეზე, ჩვენ წინსწრებით მივდივართ და მე მსურს მადლობა გადავუხადო ყველას. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. მუნიციპალიტეტების ძალიან დიდმა ნაწილმა შეძლო მართლაც საკმაოდ რთული სამუშაოს გაწევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე ამ შედეგს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ. ფაქტობრივად 5-6 მუნიციპალიტეტის გარდა ჩვენ შევძელით ამ კრიტერიუმის მიღწევა ყველგან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შემუშავებულია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდას, ფინანსურ დეცენტრალიზაციას და უფრო გამჭვირვალე ანგარიშვალდებული თვითმმართველობების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თვითმმართველობის განვითარებასა და წინსვლაზე, ბუნებრივია ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ნება, რეალური სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. ჩვენ უკვე გვაქვს შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი, რომელიც ეყრდნობა 2018 წლის მარტში მთავრობისა და პარლამენტის მიერ გაცხადებულ ხედვას, რომელიც გახლავთ რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე ანგარიშვალდებული თვითმმართველობების ჩამოყალიბება. სადაც რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თითოეული მოქალაქე არის ჩართული ამ პროცესში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიას აქვს სამი მიმართულება - ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა; ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

„იცით, რომ ჩვენს პოლიტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოციალურ პოლიტიკას და მე ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ, ჩვენი სოციალური პროგრამების ნაწილის გადამისამართება მოვახდინოთ სწორედ თვითმმართველობებზე. მე არ მჯერა, რომ თბილისიდან უფრო კარგად ჩანს ის პრობლემები, რომელიც რეალურად საზოგადოებას, ყველგან აწუხებს. კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი. ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ბარიერი ამ გზაზე. ძალიან ბევრი გამოწვევა გამოვიარეთ ერთობლივად და ბუნებრივია არავის აქვს იმის ილუზია, რომ მომავალში ჩვენ არ გვექნება გამოწვევები და ბარიერები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების რეფორმა არის ეროვნული იდეა, რაც საქართველოს მოუტანს იმის პოტენციალს, რომ ქვეყანამ დაძლიოს მის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ერთადერთი გარანტია იმისა, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა 21-ესაუკუნეში.

„ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. განათლება, რომელიც ერთადერთი გარანტია იმისა, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა 21-ესაუკუნეში. საქართველოს ყველა კუთხეში ყველაზე მეტად აფასებენ წიგნს და უყვართ წიგნი. ეს არის ყველაზე დიდი რესურსი. ჩვენი ადამიანები, ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის ეროვნული იდეა, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს. საქართველოს მოუტანს იმის პოტენციალს,რომ დავძლიოთ ჩვენს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა ოკუპაციის ჩათვლით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დღეში პარლამენტი დაიწყებს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის განხილვას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი მიემართება განათლებაზე.

„ეს არის ჩემი შეფასებით ყველაზე თამამი ნაბიჯი, რაც კი გადაგვიდგამს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ეს არის იდეა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგან უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს. რა შეხედულებები გვაქვს ეკონომიკის განვითარებაზე თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე. ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც კონსოლიდაცია საქართველოს მოუტანს შედეგს. დიახ, ჩვენი სურვილია, რომ ეს იყოს გამყარებული საკანონმდებლო დონეზე, რათა ის იყოს მდგრადი, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში არავინ გაბედოს შეცვალოს ქვეყნის განვითარების მთავარი გეზი.ეს არის ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი, ჩვენი მომავალი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ეროვნულ იდეაში თვითმმართველობების ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენი შეფასებით,დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია გვჭირდება მხოლოდ საშუალო სკოლებში,იმისთვის რომ საქართველოში ყველგან მივიღოთ მაღალი ევროპული სტანდარტების მქონე სკოლა. ეს არის ძალიან დიდი ციფრი , მაგრამ სწორედ აქედან გამომდინარე ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას, რომ ბიუჯეტის მეოთხედი იყოს მიმართული განათლებაზე. მე დღეს მქონდა საშუალება დამეთვალიერებინა ქუთაისის 33-ე სკოლა, რომელიც გარემონტდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სახსრებით. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და აღვნიშნო, რომ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის მარტივი - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ყველა რეგიონს მოიცავს, ყველა მოქალაქესა და ქართულ ოჯახს მოიცავს,სადაც ყველა რეგიონი ვითარდება თანაბრად, აქ განათლების კომპონენტი არის უმნიშვნელოვანესი. მე ნამდვილად არ მინდა, რომ საქართველოში გაგრძელდეს ჩვენი განათლების სისტემისა და განსაკუთრებით სკოლების დაყოფა ორ ჯგუფად - პრესტიჟულ და არა პრესტიჟულ სკოლებად. ეს არის სწორედ ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში ძალიან ბევრი პროგრესული საკითხის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეროვნული იდეის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იქნება,რომ საქართველოში ყველა სკოლა იყოს პრესტიჟული, უმაღლესი ხარისხის და თითოეული მშობელი, ახალგაზრდა და საქართველოს მოქალაქე იყოს დარწმუნებული, რომ მას აქვს წვდომა უმაღლესი ხარისხის განათლებაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს უნიკალური ბუნება და ადგილმდებარეობა აქვს, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, რეგიონის ეკონომიკური ცენტრი გახდეს.

„აქ თითოეული თქვენგანის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც განათლების რეფორმის წარმატებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ იდეის რეალიზაციის შედეგად დავიბრუნებთ განათლების კერის როლს რეგიონში. ეს იქნება სწორედ ჩვენი ქვეყნის, ქართული სახელმწიფოს წარმატების საწინდარი. მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობები და რაც მთავარია, კერძო სექტორი ვსაუბრობთ ერთმანეთში, თუ როგორ შევძლოთ და ავიყვანოთ ეს თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე. სად გვაქვს ჩამორჩენები და სად გვაქვს უფრო მეტის გაკეთების პოტენციალი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930