21-05-2019
თბილისის მერი, კახა კალაძე NDI-ის კვლევებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარი საზომი მოსახლეობაა და ისურვებდა, რეიტინგში ყველა მინისტრი მასზე მაღლა იყოს, რადგან ეს ქვეყნისთვის დადებითი იქნება.
„ჩემთვის ყველაზე მარტივი საზომი და მთავარი, ეს არის მოსახლობასთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, რასაც მე ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებ. მე ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით, გაკეთებული საქმეებით. ეს ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის იქნება პლუსი და დადებითი, პირველ რიგში ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, კახა კალაძე მას ეჭვით უყურებს.
„პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ხდებოდა მანიპულირება და ძალიან ხშირი იყო შემთხვევები როცა აცდენილი იყო კვლევა რეალურ შედეგებს. ამიტომ, მე მაქვს საფუძველი გარკვეულ პოლიტიკურ ნაწილში არ ვენდო კვლევას“ - აღნიშნავს თბილისის მერი.
სოციალურ შედეგებს დადებითად აფასებს კალაძე, თუმცა მისი თქმით, მაჩვენებელი უფრო უნდა გაიზარდოს.
„რაც შეეხება სოციალური მიმართულებით მოცემულ შედეგებს, ჩვენი ყველაზე მთავარი გამოწვევა არის რომ ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო წინ წავიდეს, ეს 4-5 პროცენტიანი ზრდა, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ეს არ არის საკმარისი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ციფრი გაიზარდოს“ - განაცხადა კალაძემ.
გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის ლიდერების - პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის - შეფასება ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა. მაგალითად, მათ საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 20 პროცენტზე ნაკლები აფასებს. თუმცა თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობა საზოგადოების მხრიდან მოწონებით (43პროცენტი) სარგებლობს.