21-05-2019
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო დამნაშავედ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით) და სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული ჰქონდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჩამორთმეული ჰქონდა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის და ექვსი თვის ვადით.
პროკურატურის ინფორმაციით, ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში. მას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც განმარტა შემდეგი: „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები - შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. - ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.“
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 იანვარს, 23:00 საათისთვის ქ.თბილისში, კაფე „შარდენში“ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე - თ.მ., შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი - დ.ა., ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი - ო.მ., შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი - ვ.ს., შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი - გ.დ. და მათთან დაახლოებული პირები ა.კ. და თ.მ.
ამავე ბარში, მოგვიანებით მივიდა თ.მ.-სთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი, მეგობარ ლ.ბ.-სთან ერთად. ალექსანდრე გირგვლიანსა და თ.მ.-ს შორის პირად საკითხებზე გაიმართა დაძაბული საუბარი, რა დროსაც ალექსანდრე გირგვლიანმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია თ.მ.-ს სუფრის წევრები.
აღნიშნულის გამო, დ.ა.-ს დავალებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა გ.ა.-მ და მასთან ერთად მყოფმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა - ა.ღ.-მ და დ.ქ.-მ, ქუჩაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი და ლ.ბ. ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩასვეს და ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიტაცეს, სადაც ალექსანდრე გირგვლიანის გვამი მრავლობითი დაზიანებებით იქნა ნაპოვნი 2006 წლის 28 იანვარს.
ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებისთანავე, შს მინისტრმა, ი.მ.-მ დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები: გ.ა., ა. ღ., მ.ბ., ა.ა. და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლები; მისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ „შარდენ ბარში“, სადაც ი.მ.-ს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, ალექსანდრე გირგვლიანსა და დ.ა.-ს მაგიდის წევრებს შორის მოხდა ინციდენტი, რაც გახდა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ანგარიშსწორების მოტივი; დ.ა. წარმოადგენდა ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს; ამ დანაშაულის აღსრულებაში მონაწილეობდა ოთხზე მეტი პირი და ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთასამინისტროს ოფიცერი.
ამის პარალელურად საზოგადოებაში სულ უფრო მძაფრდებოდა უარყოფითი რეაქცია და აღშფოთება ალექსანდრე გირგვლიანის გატაცების და გარდაცვალების ფაქტის გამო, გაჩნდა ხელისუფლებისგან ამ საქმის გამოძიების, ჭეშმარიტების დადგენისა დადამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა.
საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ასევე ინფორმირებული იყო ალექსანდრე გირგვლიანის გატაცებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ.ა.-ს ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის დანაშაულთან შესაძლო შემხებლობის შესახებ, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულის გარემოებების სრულად გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრისი.მ.-ს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალო ჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებებს საშუალება მიეცათ მიკერძოებულად, არაობიექტურად და არასრულყოფილად გამოეკვლიათ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, დაეფარათ დანაშაულის გამომწვევი რეალური მიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, რითაც უზრუნველყოფილი იქნა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის ფალსიფიკაცია, არაადეკვატური სასჯელის დადგენა და განაჩენის არაჯეროვანი აღსრულება.
კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი ი.მ., რომლისთვისაც იმთავითვე ცნობილი იყო, რომ საქმესთან კავშირი ჰქონდათ მის ხელქვეითებს და შესაძლოა მის მეუღლესაც, ვალდებული იყო უზრუნველეყო ქმედითი ოფიციალური გამოძიება, დამრღვევთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, რისთვისაც გამოძიებაზე პასუხისმგებელი და წარმმართველი პირები დამოუკიდებელი და მიუკერძოებლები უნდა ყოფილიყვნენ.
ნაცვლად იმისა, რომ მიეღო ერთადერთი სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება და აეცილებინა მისი უწყებისთვის ამ საქმის გამოძიება, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით დაუყოვნებლივ გადაეცა პროკურატურისთვის, ი.მ.-მ საქმის გამოძიების გაგრძელება დაავალა მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას, რაშიც აქტიურად იყო ჩართული ალექსანდრე გირგვლიანის გატაცების ორგანიზატორი დ.ა.
გამოძიებაში განზრახ დაშვებული აღნიშნული ხარვეზის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ არ დადგენილიყო საქმისრეალური გარემოებები და დანაშაულის ჩამდენი პირები, 2006 წლის 26 იანვრიდან 5 მარტამდე პერიოდში გამოძიებას აწარმოებდნენ ი.მ.-ს უწყების გამომძიებლები, რომლებიც ინსტიტუციონალურად და იერარქიული სუბორდინაციით დაკავშირებული იყვნენ საქმეში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან და დამოკიდებულნი იყვნენ იმ პირებზე, ვინც პირადი მიზნებით დაინტერესებული იყვნენ საქმის არასათანადო გამოძიების შედეგით. აღნიშნულის გამო არ იყო უზრუნველყოფილი საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება.
თავის მხრივ, დ.ა.-მ, 2006 წლის თებერვალში, შეკრიბა გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამოდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა და არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა თანამდებობის პირები. სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს დაპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და ხანმოკლე ვადაში გათავისუფლდებოდნენ სასჯელისგან, პრეზიდენტის შეწყალებით. გარდა ამისა, თითოეულს დაპირდა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ თანხას და სხვა შეღავათებს, რაც დაკავშირებული იყო სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილიგირებული პირობების შექმნასთან.
აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა განსაზღვრას, გადაწყდა რომ დამნაშავეთა დასჯის მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, დანაშაულში მონაწილე დაბალი რანგის თანამდებობის პირებთან ერთად, პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გ.ა., ხოლო დ.ა. და დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა თანამდებობის პირები კიაცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისაგან.
ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც ასევე შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა საკითხის გადაწყვეტას და მსჯავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე გათავისუფლებას. მიხეილ სააკაშვილმა დ.ა.-ს უთხრა, რომ გირგვლიანის საქმით გამოწვეული საზოგადოებაში არსებული მზარდი მღელვარების ჩასაცხრობად, რამდენიმე დაბალი რანგის თანამდებობის პირთან ერთად პასუხისგებაში მიეცემოდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გ.ა.. დ.ა. და სხვა თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისაგან. ამასთან შეჰპირდა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ.
ურთიერთშეთანხმებული გეგმის შესაბამისად, დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გ.ა., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ა.ღ., მ.ბ. და ა.ა., რომლებიც დაკავებულ იქნენ ალექსანდრე გირგვლიანის სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის დაზიანების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.
დ.ა.-ს მიერ მიცემული დაპირების გასამყარებლად და მორალური მხარდაჭერის გამოსახატად, შინაგან საქმეთა მინისტრი ი.მ., დაკავებისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს ე.წ. „მოდულის“ შენობაში არსებული წინასწარი დაკავების საკანში, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ და უთხრა რომ არანაირი პრობლემები არ ექნებოდათ დ.ა.-ს მიერ მათთვის მიცემული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ა., ა.ა., მ.ბ. და ა.ღ. ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: გ.ა.-ს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლითა და ექვსი თვის ვადით, ხოლო მ.ბ.-ს, ა.ა.-ს და ა.ღ.-ს - ექვსი წლით და ექვსი თვის ვადით.
ა.გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, ბ.ა.-ს ძალისხმევით, წინასწარი დაპირების შესაბამისად, სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით.
გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულში დ.ა.-ს და შს სამინისტროს სხვათანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეცათ დიდი ოდენობით თანხები.
2008 წლის 24 ნოემბერს, წინასწარ შემუშავებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, N768 განკარგულებით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა გ.ა.-ს, ა.ღ.-ს, მ.ბ.-ს და ა.ა.-ს.
მიხეილ სააკაშვილის განზრახ უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებული პირების მიმართ სასჯელის განახევრების გამო შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რის საფუძველზეც მსჯავრდებულები სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლდნენ.
ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებებმა, განაპირობა ის, რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება და არ შესრულდა სასჯელის მიზნები. ამავდროულად, აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დ.ა.-ს და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაცა ლექსანდრე გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია“-აცხადებენ პროკურატურაში.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში, ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილიდანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის ი.მ.-ს, ბ.ა.-ს და დ.ა.-სმიმართ.