გიორგი კვირიკაშვილი: „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გვაქვს ძალიან ხელშესახები წარმატებები“
21-12-2017
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შინგან საქმეთა ახალ მინისტრს, გიორგი გახარიას სამინისტროს განვითარების გეგმის განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა: „გიორგი გახარიას აქვს სრული მხარდაჭერა მინისტრთა კაბინეტის და როგორც გუშინ გამოჩნდა, ასევე, საპარლამენტო დეპუტაციის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქაც, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც დანაშაულთან ბრძოლაში ხელშესახებ შედეგს მოგვიტანს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, ხშირ შემთხვევაში, ჩვენც არ ვართ კმაყოფილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დანაშაულთან ბრძოლა არის ის მიმართულება, სადაც ჩვენ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გვაქვს ძალიან ხელშესახები წარმატებები, მაგრამ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მოზარდებში ძალადობის მაჩვენებელი და დანაშაულის მაჩვენებელი. აქ ჩვენ, აუცილებლად, მთელმა საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, პარლამენტმა უნდა გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები, რომ მივიღოთ ხელშესახები შედეგები“.