გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკულმა მხარემ რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმო

22-05-2019

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა თემაზე: “Undermining Democracy: Kremlin Tools of Malign Political Influence”. მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი; აშშ-ის გერმანული მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი და დემოკრატიის უზრუნველყოფის ალიანსის დირექტორი, ლაურა როზენბერგი; სტრატეგიული და საერთაშორისო შესწავლის ცენტრის ევროპის პროგრამის დირექტორი, ჰეზერ კონლეი; და ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტი, პიტერ დორანი. 

მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა და კონგრესმენებმა დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის მისი მეზობლების საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. მათ ხაზი გაუსვეს რუსეთის აგრესიული ქმედებების, მათ შორის ტერიტორიების ოკუპაციის, პროპაგანდის, დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის ძირგამომთხრელი ქმედებების - საზღვარგარეთის ქვეყნების არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობასა და ისაუბრეს მათი განხორციელების გზებზე.

“არ მგონია, ვინმე ამ ოთახში უარყოფდეს, რომ რუსეთი, ბ-ნი პუტინის ხელმძღვანელობით მსოფლიოში მადესტაბილიზირებელი ფაქტორია. რუსეთმა განავითარა გარკვეული ინსტრუმენტები რათა ზეწოლა მოახდინოს მსოფლიოში დემოკრატიულ ქვეყნებზე და მათი გამოყენების სურვილი აჩვენა. როდესაც პუტინი ცდილობს მანევრირებას იგი უცდის, რომ ნახოს საერთაშორის თანამეგობრობის პასუხი და როდესაც არაფერი ხდება იგი ვითარების ესკალაციას ახდენს. ამ მხრივ, კრემლის მიერ განვითარებული ერთ-ერთი პირველი ინსტრუმენტი იყო ეთნიკური რუსული მოსახლეობის დაცვის საბაბით საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა. რუსეთსა და საქართველოს შორის ღია სახის საომარი მოქმედებები 2008 წელს დაიწყო. მანამდე, პუტინმა საქართველოში რუსეთის პასპორტების დარიგება რუსეთის ინტერვენციისათვის საბაბად გამოიყენა. ... ორივე ქვეყანა უკრაინა და საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აშშ-ის სანდო მოკავშირეები არიან. მათი ტერიტორიული სუვერენიტეტის უზრუნველყოფა ევროპული უსაფრთხოებისა და ამერიკული ინტერესებისათვის არსებითია”-განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი).

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ბილ კიტინგმა (დემოკრატი-მასაჩუსეტსის შტატი) ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის რეგიონების ოკუპირების თაობაზე.

მაიკლ კარპენტერის განმარტებით, „კრემლმა უყოყმანოდ გამოიყენა სამხედრო ძალა მისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, როგორც ეს ვნახეთ საქართველოს შემთხვევაში 2008 წელს და უკრაინის შემთხვევაში 2014 წელს. თუმცა, ახლა უკვე შეიძლება ისინი აღიარებდნენ (კრემლის ზოგიერთი სტრატეგი მაინც), რომ წარმატებული სამხედრო ქმედებაც კი, შესაძლოა სტრატეგიული მარცხით დასრულდეს. საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ორივე ქვეყანამ იხილა კრემლი როგორც გაძლიერებული მტერი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ გადავიდა პრეზიდენტი პუტინის გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად ფარული ზემოქმედების ოპერაციებსა, თუ „აქტიურ ზომებზე“. ამგვარი ზომების მიზანია ტკივილი მიაყენოს, ან დაასუსტოს მოწინააღმდეგე, რომელიც შესაძლოა სრულად ვერც კი გრძნობდეს, რომ შეტევის ქვეშაა“ - აღნიშნულის შესახებ მაიკლ კარპენტერმა მოსმენისათვის წერილობით წარდგენილ მოხსენებაში განაცხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930