გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების სამინისტრო საანბანე სახელმძღვანელოს გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და სასწავლო პროცესისათვის დაბეჭდავს

24-05-2019

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.


ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თავმჯდომარეობით „დედა ენის“ კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, სადაც ის ძირითადი პრინციპები განისაზღვრა, რომლის საფუძველზეც ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში „დედა ენის“ სახელმძღვანელო დამატებითი სასწავლო რესურსის სახით შევა.


მიხეილ ბატიაშვილმა კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე „დედა ენის“ მიმართ საზოგადოებაში არნახული მოლოდინი არსებობს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახალი სახელმძღვანელო ერთის მხრივ ეფუძნებოდეს იმ ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, რასაც გოგებაშვილის „დედა ენა“ ჰქვია, მეორეს მხრივ კი, ითვალისწინებდეს სწავლების მიმართ თანამედროვე მიდგომებს.


სწორედ ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თავჯდომარეობით შექმნილია სპეციალიზებული კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი ზაზა გაბუნია, აკადემიკოსები ავთანდილ არაბული და მზექალა შანიძე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მხატვარი მანანა მორჩილაძე, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე დეკანოზი კონსტანტინე (კახა) გიორგაძე და პედაგოგი მარინე გოგავა.


საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ თანახმად, კომისიის შექმნის მიზანია როგორც ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს/სერიის შემუშავება და გრიფირებისათვის წარდგენა, ასევე ამავე ძეგლის საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების/სერიების ძეგლთან შესაბამისობის დადგენა.


კომისიის შეკრება მუდმივ რეჟიმში განხორცილდება. შემუშავდება ახალი სახელმძღვანელო, რომელიც გრიფის მინიჭების შემდეგ სხვა ალტერნატიულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად სკოლებს ასარჩევად წარედგინება. შესაბამისად, 2019-2020 სასწავლო წლისთვის „დედაენის“ სახელმძღვანელო ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის შესაბამის მოსწავლეს უფასოდ გადაეცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930