24-05-2019
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, 2013 წლიდან საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა - ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა 2012 წელს არსებული 7-დან 2018 წლისთვის 57-მდე გაიზარდა, მსხვილი კომპანიების საბაზრო წილი კი 93.4%-დან 69.5%-მდე შემცირდა.
გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველო სრულად იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული. 2018 წელს ქვეყანაში 864 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც სრული იმპორტის 9.5%-ია.
ჯამური იმპორტირებული საწვავის 83% მოდის ოთხ ქვეყანაზე, ესენია: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი.
2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27 პროცენტამდე გაიზარდა, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავი იყო.