26-05-2019
მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში განაცხადა, სადაც, მერაბ კოსტავას 80 წლისთავთან დაკავშირებით, მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა, ასევე, სრულიად საქართველოს 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.