გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Radio Voice of America» (აშშ): ლაფანყურის სპეცოპერაციის „ოქროს მოწმე“ სირიაში მოკლეს

21-12-2017

სირიის პროვიცია ჰომსში 39 წლის გიორგი მარგოშვილი მოკლეს. ის საქართველოს მოქალაქე იყო, რომელსაც პანკისის ხეობაში ასევე „გიორგი კუშტანაშვილისა“ და „ფეიზულა მარგოშვილის“, ხოლო სირია-ერაყის ტერიტორიაზე, „სალაჰუდინ შიშანის“ სახელით იცნობდნენ.

ახმეტის რაიონის სოფელ დუისის მკვიდრი მარგოშვილი, 2012 წლის აგვისტოში, ლაფანყურის ბურუსით მოცული ამბების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. მაშინ საქართველოს სპეცსამსახურების ხელშეწყობით გაწვრთნილი კავკასიელ მოხალისეთა არალეგალური ჯგუფი, პანკისიდან დაღესტანში გადასვლას შეეცადა. მათი ნაწილი, 29-30 აგვისტოს, ლოპოტის ხეობაში საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების სპეციალური დანიშნულების რაზმებმა გაანადგურეს.

სპეცოპერაციის დროს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის ორი წევრი: სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი არჩილ ჩოხელი, სოლომონ წიკლაური, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე და 11 კავკასიელი მოხალისე დაიღუპა. ეს ბურუსით მოცული საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.

პანკისის ხეობიდან სოფელ ლაფანყურამდე არალეგალურ შეიარაღებულ ჯგუფს, მეგზურობას სწორედ გიორგი მარგოშვილი („ფეიზულა“) უწევდა, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ შესაძლოა ისიც შსს-ს ოპერატიული აგენტი იყო (ამაზე პირველმა მინიშნება ერთ-ერთმა გადარჩენილმა მებრძოლმა მანსურ შუდინოვმა გააკეთა).

5 წლის წინანდელ შეტაკებას მარგოშვილი უვნებელი გადაურჩა. იგი არ დაუკავებიათ, მოგვიანებით სხვა გადარჩენილებთან ერთად, საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის ხელშეწყობით თურქეთში გადავიდა. იქედან კი სირიაში ტერორისტებს შეუერთდა.

ანტიტერორისტული ცენტრის დავალებით, 2012 წელს, კავკასიელი მოხალისეების პანკისში შეკრებასა და წვრთნას, ერთი თვის წინ, თბილისში სპეცოპერაციის დროს დაღუპული, იმ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული აგენტი აჰმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა. ლაფანყურის ოპერაციის დროს ანტიტერორისტული ცენტრი აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციასაც შეეცადა, იგი კონტროლიდან გამოსულ ჯგუფთან, მათ შორის, გიორგი მარგოშვილთან მოსალაპარაკებლად ტყეში შეუშვეს და შემდეგ ესროლეს. აჰმედ ჩატაევი გადარჩა, გაიქცა, თუმცა მძიმე ჭრილობის გამო რამდენიმე დღეში მესაზღვრეებს თავად ჩაბარდა და ციხეში აღმოჩნდა.

2012 წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ ახალმა ხელისუფლებამ აჰმედ ჩატაევი ციხიდან გაანთავისუფლა, 2013 წელს კი ყველა ბრალდება მოუხსნა და ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. ისიც სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩადგა.

„გლობალურ ტერორისტთა სიაში“ მყოფი აჰმედ ჩატაევი 2017 წლის 22 ნომბერს, სრულიად მოულოდნელად, თბილისში, დღემდე ბურუსით მოცული 20-საათიანი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა (მან თავი აიფეთქა), 27 დღის მერე კი სირიაში გიორგი მარგოშვილი მოკლეს.

გარდაცვლილის მამა დუისში მცხოვრები ავთანდილ მარგოშვილი ამბობს, რომ არ იცის სირია-ერაყის ტერიტორიაზე, აჰმაედ ჩატაევსა და გიორგი მარგოშვილს ჰქონდათ თუ არა რაიმე ურთიერთობა: „ჩატაევთან რა ურთიერთობა ჰქონდა არაფერი ვიცი, შვილთან ურთიერთობა გაწყვეტილი მქონდა. შარშან, ერთი-ორჯერ SMS-ით მომიკითხა. ვიცი, რომ სირიაში როცა გადავიდა თავიდან ერთად იყვნენ თარხან ბათირაშვილი, რუსლან მაჩალიკაშვილი და ჩემი შვილი. შემდეგ კი რაღაც მიზეზებით მათი გზები გაიყო.“

გიორგი მარგოშვილი, ისევე როგორც აჰმედ ჩატაევი 2013 წელს, სხვადასხვა დროს, ტერორისტულ დაჯგუფება „ჯაიშ ალ-მუჰაჯირენ ვ’ალ-ანსარს“ შეუერთდნენ, რომელსაც მაშინ პანკისის ხეობის ორი მკვიდრი თარხან ბათირაშვილი (აბუ უმარ ალ-შიშანი) და რუსლან მაჩალიკაშვილი (საიფულა ალ-შიშანი) ედგა სათავეში.

2013 წლის აგვისტოში, ბათირაშვილსა და მაჩალიკაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, მაჩალიკაშვილმა 200 ტერორისტთან ერთად (მათ შორის მარგოშვილიც იყო) დაჯგუფება დატოვა და ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ყაიდას“ სირიულ ფრთას „ჯებჰატ ალ-ნუსრას“ შეუერთდა (აქ ერთ-ერთი ლიდერი, კიდევ ერთი დუისელი „შამის ლომების“ მეთაური მურად მარგოშვილი (მუსლიმ ალ-შიშანი) იყო), თარხან ბათირაშვილი კი აჰმედ ჩატაევთან ერთად დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში აღმოჩნდა.

2014 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც ალეპოს საპატიმრო დაწესებულების აღებისას რუსლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, გიორგი მარგოშვილის გავლენა გაიზარდა, რასაც ხელი მისი მეთაურობით ჩატარებულმა რამდენიმე ოპერაციამაც შეუწყო, რა დროსაც სალაჰუდინ შიშანი ფეხში დაიჭრა.

2015 წლიდან, მარგოშვილმა სირიაში თავი ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიის საემიროს“ ოფიციალურ ემირად გამოაცხადა და ახალი მუჰაჯირებისგან „ბაიათი“ ანუ ფიცი საჯაროდ მიიღო. ბოლო წლებში, „ჯებჰატ ალ-ნუსრა“ დამოუკიდებლად მოქმედებას ცდილობდა, ებრძოდა, როგორც პრეზიდენტ ასადის მომხრე სირიის არმიას, ისე „ისლამურ სახელმწიფოს“.

2016-17 წლებში, საომარ მოქმედებებში, რუსეთის სამხედრო ავიაციის აქტიურად ჩართვის შემდეგ მარგოშვილის დაჯგუფების პოზიციები უკიდურესად დასუსტდა. სალაჰუდინ შიშანი 18 დეკემბერს ჰომსის პროვინციაში მოკლეს. მოკლულის ნათესავი დუისელი ზარაფ ხანგოშვილი ამბობს:

„ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, მე როგორც ვიცი, იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც პანკისიდან რუსეთში აპირებდა გადასვლას. ლოპოტის ხეობაში ოპერაციის შემდეგ არ დაუკავებიათ, სხვებთან ერთად ჯერ თურქეთში მოახერხა გადასვლა, იქედან კი სირიაში წავიდა.“

გიორგი მარგოშვილის 2012-2017 წლებში, სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოკლული, რიგით 29-ე საქართველოს მოქალაქეა. დაღუპულთა უმრავლესობა პანკისის ხეობიდან არის. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსა" და "ალ-ყაიდას“ დროშის ქვეშ 2012 წელს - საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, 2013 წელს - 3, 2014 წელს - 6, 2015 წელს - 4, 2016 წელს - 12 და 2017 წელს კი 3.

ბოლო სამი თვის მანძილზე, ლაფანყურის ბურუსით მოცულ სპეცოპერაციასთან მჭიდროდ დაკავშირებული უკვე სამი პირი მოკლეს. 2017 წლის სექტემბერში, კიევში, ალი დაბუევი იგივე „თემურ მახაური“ (ზოონი) ავტომანქანაში ააფეთქეს; ნოემბრის ბოლოს თბილისში, სპეცოპერაციის დროს თავი აჰმედ ჩატაევმა („ცალხელა“) აიფეთქა, 18 დეკემბერს კი სირიაში გიორგი მარგოშვილი („ფეიზულა“) დაიღუპა. მას სირიაში მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930