გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თედო ისაკაძე: ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ადგილი აქვს აშკარა დიფამაციის ფაქტს, რის შედეგადაც ვიღებთ რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს - თითქოსდა აზერბაიჯანი ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა

29-05-2019

თედო ისაკაძე დავით-გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ყოველდღიურად სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ის ფაქტი, რომ დავით-გარეჯთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე, რიგ შემთხვევებში შეუგნებლად (იმ მიზეზით, რომ პრობლემაზე მწირი წარმოდგენა აქვთ), და, რაც უფრო ამაზრზენი და უკვე შემაშფოთებელიცაა, შეგნებულად ხდება საზოგადოების დეზორიენტაცია.
მოკლედ გაგაცნობთ ვითარებას:

გარეჯის უდაბნო ათეულზე მეტ სამონასტრო კერას ითვლის, მაგრამ, თავისი დატვირთვიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ყველაზე ცნობილი დავით-გარეჯის ლავრაა.
ლავრის მიმდებარედ გადის მცირე ქედი, რომელზეც, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული, საქართველო-აზერბაიჯანის მაშინდელი სტატუსით, ადმინისტრაციული საზღვარი იყო. ეს ფაქტობრივი მემკვიდრეობა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც გადმოგვყვა.

დავით-გარეჯის ლავრა მდებარეობს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ანუ საქართველოს იმ ტერიტორიაზე (კოორდინატები - 41°26′50″ ჩ. გ. 45°22′35″ ა. გ.), რომელიც გარეჯის უდაბნოს სახელითაა ცნობილი, ხოლო სამხრეთით, ქედს გადაღმა, ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანული ტოპონიმიკით ყარაიას ველზე, ქართველებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ქვაბების ტიპის სამონასტრო კომპლექსი - ბერთუბანი და უდაბნოა განთავასებული (კოორდინატები - 41°26′43″ ჩ. გ. 45°22′20″ ა. გ.), ზედ ქედზე ანუ საზღვარზე კი ჩიჩხიტურია (კოორდინატები - 41°27′24″ ჩ. გ. 45°21′17″ ა. გ.).

სწორედ აქ ფუნქციონირებდა ავადსახსენებელი საბჭოთა სამხედრო პოლიგონი, რომელიც ნაწილობრივ საქართველოს, ნაწილობრივ კი აზერბაიჯანის ტერიტორიას მოიცავდა.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, საქართველოს მხრიდან იყო მცდელობა, გარეჯის უდაბნოს ამ მონაკვეთზე საზღვარი სულ 25-30 მეტრით გადაწეულიყო, რის სანაცვლოდაც აზერბაიჯანის მხარეს, საგარეჯოს რაიონის ხარჯზე, 70 ჰექტრამდე საძოვარი მიწები შესთავაზეს, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, აწ უკვე სახელმწიფო საზღვრების დადგენის პროცესში, საქართველომ კვლავ დააყენა ეს საკითხი და კვლავ უარი მიიღო. სწორედ ამ მიზეზით, საზღვრის ამ მონაკვეთზე, დემარკაცია დღემდე არ მომხდარა.

მას მერე, რაც დავით-გარეჯის ლავრაში სამონასტრო ცხოვრება აღდგა და მომლოცველთა თუ ტურისტების რიცხვიც გაიზარდა, ქართულ მხარეს, ერთი პერიოდი, ეძლეოდა საშუალება, აზერბაიჯანის მოქმედი საზღვარი თავისუფლად გადაეკვეთათ და უდაბნოს კომპლექსი, ანუ ქეშიშდაგი, როგორც მას აზერბაიჯანელები უწოდებენ, დაეთვალიერებინათ.

მოგვიანებით, ჩემი ინფორმაციით, 2007 წელს, აზერბაიჯანის მხარემ ქედზე გაამკაცრა სასაზღვრო რეჟიმი და მრავალმთის უდაბნოსკენ გადაადგილება ჯერ მომლოცველებს, მერე კი თავად ბერებსაც შეუზღუდა. ეს რეჟიმი, გარკვეული პერიოდულობით, ხან სუსტდებოდა, ხანაც მკაცრდებოდა, რაც, ბუნებრივია, იწვევდა იქ მოღვაწე სასულიერო პირებისა და სხვათა გულისწყრომას.

აზერბაიჯანის მხრიდან ასეთი, მორიგი შეზღუდვის მომსწრენი ვართ დღესაც.
მაგრამ, განსხვავებით სხვა, ანალოგიურ შემთხვევებისგან, დღეს სიტუაცია აშკარად ესკალირებულია და საზოგადოების გამძაფრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. 

ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ადგილი აქვს აშკარა დიფამაციის ფაქტს, როცა საზოგადოებას, ერთი შეხედვით, მართებული ინფორმაცია მიეწოდება, თუმცა ტექნიკურად მნიშვნელოვანი დეტალია გამოტოვებული, რის შედეგადაც ვიღებთ რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს - თითქოსდა აზერბაიჯანი ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა.

კერძოდ, შეგნებულად ხდება ტოპონიმ „დავით-გარეჯით“ მანიპულირება, რითაც მსმენელსა თუ მაყურებელში იწვევენ პირდაპირ ასოციაციას დავითის ლავრასთან, რომელიც საზოგადოებაში სამართლიანად არის აღქმული როგორც საქართველოს ამჟამინდელ ტერიტორიაზე არსებული, ქართული სულიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობა, ასევე სტუდენტურ-ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟთან დაკავშირებული ობიექტი.

სინამდვილეში აზერბაიჯანის მხარის აქტივობა უკავშირდება უკვე ნახსენებ უდაბნოს კომპლექსს, რომელიც ობიექტურად ასევე გახლავთ დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მაგრამ, აგერ უკვე ერთი ასეული წელია, სამართლებრივად აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება. შესაბამისად, აზერბაიჯანის მთავრობას გზა გაჰყავს თავის ტერიტორიაზე, მისივე ტერიტორიაზე არსებული ობიექტისკენ და არანაირად არ კვეთს საქართველოს დღეს არსებულ საზღვარს.

ერთი სიტყვით, სახეზე გვაქვს სიმულიაკრი, აგონიზირებული ჰიპერრეალობა, რასაც ხელს უწყობს საზოგადოებაში წინასწარ, მიზანმიმართულად პროვოცირებული ემოციური ფონი.
მრავალმთის უდაბნო უდავოდ გახლავთ ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლი, რაც არაერთი ისტორიოგრაფიული წყაროთია დადასტურებული და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ კედლის მხატვრობითა და ქართული წარწერებითაც ნათლად აჩვენებს თავის ქართულობას, საპირისპიროდ, ზოგიერთი აზერბაიჯანული მეცნიერის დაუსაბუთებელი კონცეფციისა, თითქოსდა ქვაბური არქიტექტურა ძველ ალბანელებს ეკუთვნით, ქართველებმა კი აქ ფეხი მოგვიანებით, ასირიელი მამების პერიოდის შემდგომ მოიკიდეს. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ, დღეს ის, როგორც ქართული სულიერებისა და კულტურის არაერთი კერა, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მოცემულობაში?

იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, ცივილიზებული მსოფლიო, ასეთ ვითარებაში, მხოლოდ მოლაპარაკების გზას ცნობს, რასაც ჩვენი მთავრობები, მთელი ეს წლებია, ახორციელებენ კიდეც. იქიდან გამომდინარე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ტერიტორიული დავების ამ გზით მოგვარების პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა, ეს გზა რთული, სათუთი, დროში უკვე გაჭიმული, მაგრამ უალტერნატივოა.
შეძახილი კარგია და აქციებიც ორგანიზატორთა კანონიერი უფლებაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკურ ველზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, როცა, სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც შორს არიან სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან და, კიდევ უარესი, ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით, დესტაბილიზაციის პროვოცირებაზე აქტიურად მუშაობენ, დაფიქრება და მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვმართებს"-წერს ისაკაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930