31-05-2019
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
"შემდეგი შეკითხვა - საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით - ეს იყო რეგულაციები ფინანსური სექტორის მისამართით და არა საბანკო რეგულაციები. მოდი, ყველამ კარგად გავიხსენოთ, ჯერ კიდევ ჩემი ინიციატივები ფინანსთა მინისტრობის დროს და შემდეგ უკვე მთავრობაში, საქართველოს მთავრობის ინიციატივები შემდეგში მდგომარეობდა - პირველი - რომ დაგვეწესებინა ჭერი საპროცენტო განაკვეთებზე და არ ყოფილიყო 700 და 800 პროცენტიანი სესხები საქართველოში, ის უსამართლო თამაშის წესები, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ.
მეორე - ყოფილიყო ჯარიმებზე და საურავებზე მაქსიმალური ზღვარი, რომ ადამიანს სახლი არ დაეკარგა ამის გამო. შემოვიდა ზღვარი 200 000 ლარზე, რომ ყოფილიყო ლარიზაციის წახალისება, რომ ყოფილიყო რეალური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს საბანკო სექტორში გაჩნდა პროდუქტი -7 პროცენტიანი სესხი ლარში. მინდა შეგახსენოთ თქვენს პერიოდში საპროცენტო განაკვეთი რამდენი იყო? 21 პროცენტი, გაიხსენეთ, სამჯერ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები.
რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ მეგობრებო - არსებობს წინსვლები და არსებობს გამოწვევები. მე სამსახიობო ნიჭში სამწუხაროდ, კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენელთან, ამიტომ, გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება, თუ გაქვთ შინაარსობრივი შეკითხვები.