გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო არჩვაძე: საქართველოს ეკონომიკაში 2019 წლის აპრილშიც გაგრძელდა დადებითი ფაქტორების გავლენა

31-05-2019

„საქართველოს ეკონომიკაში 2019 წლის აპრილშიც გაგრძელდა დადებითი ფაქტორების გავლენა სხვადასხვა ინდიკატორში. კერძოდ, მიმდინარე წლის ყოველ მომდევნო თვეში ფიქსირდებოდა ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ 2018 წლისთვის საქართველოზე გაკეთებულ პროგნოზს 0.3 პუნქტით აღემატება,“ - ასე ეხმაურება ეკონომიკის მეცნიერებთა დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს.


მისი განცხადებით, განსაკუთრებით თვალშისაცემია ზრდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის ისეთ სენსიტიურ დარგებში, როგორებიცაა ტრანსპორტი (+13.4%) და სოფლის მეურნეობა (+3.8%).


განვითარების პოზიტიურ ტრენდს აძლიერებს ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდაც (+34.2%).


შედეგად დაფიქსირდა ექსპორტით იმპორტის გადაფარვის უაღრესად პოზიტიური, დამაიმედებელი დონე - 42.1პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 11 პუნქტით აღემატება.


წმინდა ფულადი გზავნილები წინა წლის აპრილთან შედარებით გაიზარდა 11.3 პროცენტით, ხოლო შემოსავლები ტურიზმიდან - კიდევ უფრო მეტად -16.1 პროცენტით.


ამ ბოლო ორი ინდიკატორის წვლილი მზარდია არა მარტო ეკონომიკაში, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობაშიც, მათ შორის სიღარიბის აბსოლუტური დონის შემცირებაშიც.


„ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიური ტრენდის სჯერათ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამის დასტურია ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს S&P მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის შეცვლა სტანდარტულიდან პოზიტიურისკენ. ეხლა მთავარია ქვეყნის შიდა სოციალურმა და პოლიტიკურმა ძალებმა მოახდინონ კონსოლიდაცია უკვე მიღწეულ პოზიტიურ შედეგებზე და უზრუნველყონ ქვეყნის დინამიური განვითრების ტრენდის შენარჩუნება და გაღრმავება,“-მიაჩნია სოსო არჩვაძეს“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031