31-05-2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება, ლისის ტბაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა, პოლიციელებს მისალოცი სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა.
„მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. მოგესალმებით ბატონო ოფიცრებო და ძვირფასო რიგითებო. გილოცავთ პოლიციის დღეს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ პოლიციის ჩამოყალიბების 101-ე წელს, 1918 წლის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში უდიდესი პასუხისმგებლობა მართლწესრიგის, წესრიგის, სიმშვიდის. იმ სიმშვიდის, რომლის პირობებშიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეძლოს შრომა, ზრუნვა, თავის ხვალინდელ დღეზე და მომავალზე, როგორც თავისი ოჯახის, ასევე, ქვეყნის. ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ დღეს ზუსტად ვიცით სად ვართ და ზუსტად ვიცით რა გეგმები გვაქვს და სად მივდივართ. სწორედ ამ გეგმებიდან გამომდინარე, ჩვენს მიმდინარე რეფორმებს დავარქვით სისტემური განახლება - რათა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი, რაც იყო ჩვენს წარსულში და სიახლეებით და რეფორმებით ვუპასუხოთ იმ თანამედროვე გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი მიზანია ეფექტური და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია. ეს არის ძირითადი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ და ასევე, ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანია, ვიყოთ ეფექტიანები, შედეგიანები და წარმატებულები მხოლოდ და მხოლოდ ისე, რომ შევინარჩუნოთ ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლებები. ეს არის ჩვენი უდიდესი მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ. ბატონო პოლიციელებო, ბატონო მეხანძრე-მაშველებო, ბატონო მესაზღვრეებო, ბატონებო, ვინც ემსახურებით შინაგან საქმეთა სამინისტროს - თქვენი მსახურება დღეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არ არსებობს იმაზე ღირსეული რამ, რომ ემსახურო შენი მოქალაქის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და იყო შენი ქვეყნის სიმშვიდის სადარაჯოზე. ბატონებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ პოლიციის დღეს. ჩემთვის უდიდესი ღირსებაა თქვენთან ერთად ვემსახურო საქართველოს.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აღსანიშნავია, რომ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის დღეს განსხვავებულად აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე პოლიციელები ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ. გიორგი გახარიამ განსაკუთრებული დამსახურების მქონე რამდენიმე თანამშრომელი პირადად დააჯილდოვა.