გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა სიაზე: ეს იყო თვითონ შესაბამისი პირების გადასაწყვეტი, მიიღებდნენ თუ არა კონკურსში მონაწილეობას

1-06-2019

"ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ობიექტურ კრიტერიუმებზე იქნება დაფუძნებული. დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოც იგივე სულისკვეთებით იმოქმედებს და ეს არის გარანტია და საფუძველი იმისა, რომ საბოლოო ჯამში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე სათანადო კანდიდატებს ავირჩევთ" - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახლა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების 144 კაციანი სია 50 კაციან სიამდე უნდა დავიდეს და ამ სიის შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ საბჭოს როგორც უმრავლესობის,ასევე, უმცირესობის წარმომადგენლები. 

"შესაბამისად, ამ პროცესს ჩვენც უნდა დავაკვირდეთ. ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ჩაივლის. შესაბამისად, ყველა ერთად გამოვიტანთ დასკვნებს უკვე პირველ ეტაპზე. ამის შემდეგ გაგრძელდება განხილვა. პროცესი იქნება საჯარო, იქნება ინტერვიუები, იქნება გასაუბრებები. ამის საფუძველზე მოხდება სიის დაყვანა 20 კაცამდე და ეს პროცესიც ჩაივლის, ბუნებრივია, საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. დაკვირვების საშუალება თითოეულ ჩვენგანს ექნება. ამის შემდეგ, უკვე საბოლოოდ მოხდება 20 კანდიდატის წარდგენა პარლამენტისთვის და პარლამენტი საბოლოო ჯამში ღია პროცედურის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ყველა საფუძველი არის შექმნილი"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პარლამენტი ყველა შესაბამისი ობიექტური კრიტერიუმით იხელმძღვანელებს. 

"ეს არის გამოცდილება, კვალიფიკაცია, წარსული, დღევანდელი საქმიანობა. ეს არის ყველა ობიექტური კრიტერიუმი, რომელიც არის ასახული, მათ შორის, იმ კანონში, რომელიც ჩვენ მივიღეთ"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეკითხვაზე - რატომ აღარ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ეს იყო თვითონ შესაბამისი პირების გადასაწყვეტი, მიიღებდნენ თუ არა კონკურსში მონაწილეობას. დანარჩენი არის უკვე საბჭოს და პარლამენტის გადასაწყვეტი. მთავარია, საბოლოოდ რომ ავირჩიოთ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. ეს არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და მთავარია, რომ ჩვენ ყველა მოსამართლე ამ კრიტერიუმებით შევარჩიოთ და ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს" - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930