გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პოპულარობამ 20%-ზე მეტით დაიკლო

9-02-2018

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი საერთაშორისო შეთქმულების მსხვერპლია, რომლის მიზანს მისი უკრაინიდან გაძევება წარმოადგენს. მიზეზი კი ისაა, რომ იგი ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მწვავედ აკრიტიკებს“ - ასე იწყება გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, «The Guardian»-ის მიერ მარკ ბენეტის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას, მცირეოდენი შემოკლებით, საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:

ორშაბათს კიევში გამართულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი საქართველოში მისი სავარაუდო ექსტრადიციისაგან დაცვის თაობაზე. ყოფილ პრეზიდენტს სამშობლოში ციხე ემუქრება იმის გამო, რომ მან 2008 წელს მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პოლიციელი უკანონოდ შეიწყალა. უკრაინულმა თემიდამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოთხი თვის წინ თბილისის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს, დაუსწრებლად,სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს 2013 წლის ნოემბრამდე, ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ექსტრადირების საკითხზე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი (რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს), ერთმანეთთან გარიგდნენ.


„როცა მე აშშ-ში ან ევროპაში ვიყავი, საქართველოს ხელისუფლებას მაშინ ჩემს ექსტრადირებას არ ითხოვდა“, - ამბობს 50 წლის მიხეილ სააკაშვილი კორესპონდენტთან ინტერვიუში, თავისი პარტიის „უკრაინის ახალი მოძრაობის“ ოფისში, რომელიც კიევის ცენტრში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს.

„თბილისმა ეს მხოლოდ იმ დროს გააკეთა, როცა მე უკრაინაში დავბრუნდი. იმიტომ, რომ ამის თაობაზე მათ პეტრო პოროშენკომ სთხოვა“. ექს-პრეზიდენტის თქმით, კიევის სასამართლომ მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმის შემდეგ განაცხადა უარი, როცა უკრაინამ რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს სთხოვა მისი ექსტრადირების თაობაზე. „მათ უკრაინას ასე უპასუხეს: კი, თანახმა ვართ მივიღოთ, მაგრამ ფორმალურად ჯერ თვითონ მან უნდა გვთხოვოსო“.

თავის მხრივ, უკრაინის იუსტიციის მინისტრი პავლო პეტრენკო უარყოფს, რომ მოქალაქეობის არმქონე პირის - მიხეილ სააკაშვილის გაძევების თაობაზე მიმდინარე სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურადაა მოტივირებული.

პეტრო პოროშენკო, რომელიც პრეზიდენტად 2014 წელს იქნა არჩეული, პრორუსული ლიდერის ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ, ეროვნებით ქართველი ცეცხლოვანი პოლიტიკოსი შავიზღვისპირა ოდესის ოლქის გუბერნატორად 2015 წელს დანიშნა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ხელისუფლების ზედა ეშელონებში არსებული კორუფციის მიმართ პროტესტის ნიშნად, თანამდებობიდან 2016 წლის ნოემბერში გადადგა და პეტრო პოროშენკოს დამხობის მიზნით კამპანია დაიწყო. გასული წლის ივლისში, როცა მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა, პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. „მას ეგონა, რომ მე უკრაინაში დაბრუნებას არ შევეცდებოდი“, - ამბობს საქართველოს ექს-პრეზიდენტი. მან საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო - მომხრეებთან ერთად უკანონოდ გადავიდა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე და კიევში დაბრუნდა. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სცადა, მაგრამ იგი შენობის სახურავზე აძვრა, მხარდამჭერებს საშველად მოუხმო და საბოლოო ჯამში, იგი მაინც თავისუფალი დარჩა.


„მე მეგონა, რომ ისინი დამიჭერდნენ და საქართველოში გამაძევებდნენ. ამიტომაც ავძვერი სახურავზე, რადგან მხოლოდ იქიდან იყო შესაძლებელი მობილური ტელეფონით საუბარი. მათ ჩემს ბინაში სატელეფონო კავშირი ჩაახშეს“, - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის სპეცსამსახურებმა მისი თანამოაზრეები გაიტაცეს, აწამეს და საქართველოში გააძევეს.


მიუხედავად იმისა, რომ ოდესის გუბერნატორიობის დროს მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი 40%-მდე იყო, დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოპულარობამ 20%-ზე მეტით დაიკლო. პეტრო პოროშენკოს რეიტინგი, რომელსაც უკრაინელები 2013-14 წლების რევოლუციის იდეალების ღალატს აბრალებენ, დაახლოებით 15%-ია.

„მე თუ თბილისში დამაბრუნებენ, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას დიდი პრობლემები გაუჩნდება“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, - „დაიწყება მასობრივი საპროტესტო აქციები. საქმე იმდენად მე არ მეხება, რამდენადაც უსამართლობის არდაშვებას. უკრაინელები უსამართლობას ვერ შეეგუებიან“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930