გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატები წარუდგინეს

4-06-2019

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი - ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორაია წარუდგინა.


სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 17 მაისს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (http://www.hr.gov.ge/) გამოცხადდა. კონკურსის გამოცხადებს შესახებ, ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ.


კონკურსანტებს განაცხადების წარსადგენად 10 დღე განესაზღვრათ. კონკურსში, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა, განაცხადი 48 პირმა გააკეთა.


სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების თანახმად, კონკურსის პირველი ეტაპი იყო კონკურსანტების მიერ წარდგენილი განაცხადებების გადარჩევა, ხოლო მეორე - კონკურსანტებთან გასაუბრება.


კონკურსის პირველ ეტაპზე შემოწმდა კანდიდატების შესაბამისობა ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან. „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს 48 კანდიდატიდან მხოლოდ 7 აკმაყოფილებდა. შესაბამისად, ისინი სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ 1-ელ ივნისს კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე დაიბარა.


1-ელ ივნისს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სახალხო დამცველის მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი პარლამენტის ერთი წევრი. ვინაიდან გასაუბრებას ესწრებოდა კომისიის წევრთა უმრავლესობა, გასაუბრება შედგა.


მეორე ეტაპზე გადასული 7 კანდიდატიდან, გასაუბრებაზე 5 გამოცხადდა. კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისთვის შერჩეული ორი კანდიდატი წარედგინა.


სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია 23 აპრილს შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, შედიოდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატურები სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031