გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ არჩვაძე: ბიზნესის ზრდა ხელსაყრელი საქმიანი გარემოს და გატარებული რეფორმების შედეგია

4-06-2019

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 22.9 მილიარდ ლარს მიაღწია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27.5 პროცენტით გადააჭარბა. იმავე პერიოდში აღნიშნული სექტორის პროდუქციის გამოშვება 9.0 პროცენტით გაიზარდა და 9.5 მლრდ. ლარი შეადგინა.


ეკონომიკის დოქტორის იოსებ არჩვაძის შეფასებით, „აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთებას საშუალებას იძლევა. კერძოდ,


1. ბიზნეს-სექტორის როგორც ბრუნვის, ისე მთლიანი გამოშვების ზრდის ტემპი წინ უსწრებს მთლიანი შიგა პროდუქტის ნომინალურ ზრდის ტემპს, ანუ ამ უკანასკნელის ფორმირებაში ბიზნეს-სექტორის როლი და მონაწილეობის დონე მატულობს, რაც ცალსახად პოზიტიური პროცესია;


2. ბიზნეს-სექტორის ფორმირებაში მზარდი როლი ეკუთვნის მომსახურების სექტორს. ბოლო ერთი წლის მანძილზე მომსახურების წილი მის მთლიან ბრუნვაში გაიზარდა 74.4%-დან 79.5%-მდე, ხოლო პროდუქციის მთლიან გამოშვებაში, შესაბამისად, 52.5%-დან 55.6%-მდე;


3. მართალია, ბიზნეს-სექტორის როგორც ბრუნვაში, ისე გამოშვებაში ჯერ კიდევ ყველაზე მაღალი წილი მსხვილ წარმოებებს უკავიათ (ბრუნვაში - 54.5%, გამოშვებაში - 41.3%), თუმცა საშუალო და მცირე ბიზნესის უფრო დინამიური, სწრაფი განვითარების ხარჯზე მსხვილი ბიზნესის წილი თანდათან კლებულობს და შესაბამისად, იზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. კერძოდ, პროდუქციის მთლიან გამოშვებაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილად მოვიდა მთელი მატების 82.2 პროცენტი, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის მატების ტემპი 3.5-ჯერ აღემატებოდა მსხვილი ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის მატების ტემპს, მათ შორის მხოლოდ მცირე ბიზნესისა (16.7%) – 4.5-ჯერ.


4. შრომის მწარმოებლურობა (პროდუქციის გამოშვება ერთ დასაქმებულზე) მსხვილ წარმოებაში 1.4-ჯერ აღემატება წვრილი წარმოების ანალოგიურ მაჩვენებელს.“


ბიზნეს-სექტორში დასაქმებულებზე მოდიოდა საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის 2/5 და დაქირავებით დასაქმებულთა 72 პროცენტი, რაც საკმაოდ მაღალი, პოზიტიური მაჩვენებელია. ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის 71.8 პროცენტი მომსახურების სექტორში, ხოლო დანარჩენი 28.2 პროცენტი - ეკონომიკის რეალურ სექტორში (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა) იყო დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის რეალურ სექტორში შრომის მწარმოებლურობა 2-ჯერ და მეტად აღემატებოდა მომსახურების სექტორში დასაქმებულთა შრომის მწარმოებლურობას.


იოსებ არჩვაძის განცხადებით, მთლიანად, ბიზნეს-სექტორის წილად ქვეყნის მშპ-ის 2/3-ზე მეტი იქმნება და აღნიშნული წილი მზარდია. „ეს ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს, გატარებული რეფორმებისა და იმ შეღავათებს ეფუძნება, რაც ბოლო წლებში გადაიდგა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად. 2013 წლის შემდეგ ეროვნულ მეურნეობაში ყოველი 4 დამატებული დაქირავებით დასაქმებულიდან 3 ბიზნეს-სექტორზე მოდიოდა, ხოლო იმავე პერიოდში დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის 35 ათასით ზრდის პირობებში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა. შესაბამისად, განუხრელად იზრდება როგორც ბიზნეს-სექტორის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში, ისე მთლიანად საერთაშორისო მასშტაბით ქართული ეკონომიკისა და მისი წარმოებული პროდუქციის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის მხრივ,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031