5-06-2019
„შალვა შავგულიძე ამ წუთას ,,ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და მათ შეხედულებებს იმეორებს. სამწუხაროდ ამ მხარესაა ის“ -ასე გამოეხმაურა 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი შალვა შავგულიძის მიერ გირგვლიანის საქმესა და ხორავას ქუჩის საქმეებს შორის პარალელის გავლებას.
მისი თქმით, გირგვლიანისა და სარალიძის საქმეების შედარება მორალურად გაუმართლებელია.
,,არანაირი შედარება არ შეიძლება. ეს არის უდიდესი ტრაგედია რაც დატრიალდა, ორი მოზარდი ჩავაწვინეთ მიწაში, ერთ სკოლაში და ამაზი დიდი უბედურება რა უნდა ხდებოდეს, მაგრამ გირგვლიანის, ბუტას და ზურას საქმეები არაფრით არ შეიძლება შევადაროთ, იმიტომ რომ, აქ სახელმწიფოს არ მოუკლავს ეს ბავშვები, აქ მოკლეს ქუჩის გარჩევაში ბავშვებმა, რომლებიც მართლაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მე ამას ვაბრალებ წინა პერიოდს, როდესაც ძალადობის მეტი ბავშვებს არაფერი ესმოდათ არც ტელევიზიიდან და არსაიდან. შედარება აბსოლუტურად არ შეიძლება, ეს სულ სხვა საქმეა და ის სულ სხვა საქმე იყო. იქ არის პირდაპირ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჩარეული, როგორ შეიძლება ამის შედარება. იმ დღიდან რაც გახმაურდა ეს საქმე მიდის ძიება, ჯერ არ დასრულებულა და დაიჭირეს ბავშვებიც და პირები ვინც არიან ბრალდებულნი, მხოლოდ დაფარვის გამო დაიჭირეს კიდევ ხალხი და ვენდობი ამ გამოძიებას და ველოდები, რომ იქნება პასუხგაცემული კითხვები რაც არსებობს“, - განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა.
მისი თქმით, შალვა შავგულიძე დღეს ,,ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და მათ შეხედულებებსა და მოსაზრებებს იმეორებს.
,,შალვა შავგულიძემ თავისი ქმედებით ბოლოს რა ნაბიჯებიც გადადგა, ამის იქით რამ უნდა გამაოცოს კიდევ არ ვიცი. ძალიან გული მტკივა, იმიტომ რომ მე მქონდა შეხება ამ პიროვნებასთან და ნამდვილად ყველაფერს წარმოვიდგენდი იმის გარდა, რაც შავგულიძემ გააკეთა. ის ამ წუთას ,,ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და იმეორებს მათ მოსაზრებებს, შეხედულებებს. სამწუხაროდ ამ მხარესაა ის. ამიტომ მისი გამონათქვამები და შეფასებები ჩემთვის აღარ არის საინტერესო“, - განაცხადა ია მეტრეველმა.