11-02-2018
რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორია პოლიტიკური მიმომხილველი იური როქსი, გადმოცემულია აშშ-ის კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის მოკლე შინაარსი. მასში ავტორი ხაზს უსვამს დოკუმენტის მთავარ დებულებებს: პირველი - საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებს პასუხობს და მეორე - ქართველი ოფიციალური პირები კერძო საუბრებში არ გამორიცხავენ „კომპრომისულ გაწევრიანებას, რომელიც აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე „დროებით უარს“ გულისხმობს.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამერიკული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულმა მოხსენებამ ქართველ პოლიტიკოსებში აქტიური რეაქცია გამოიწვია. მათ კატეგორიულად უარყვეს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული რაიმე ტერიტორიული კომპრომისი (მოცემულია პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებები). სტატიაში ასევე ნაჩვენებია როგორც ამერიკელი ექსპერტის ლინკოლნ მიტჩელის პოზიცია, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს ეთანხმება, ასევე აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებაც, რომლის თანახმად, „ვაშინგტონი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს და მის ტერიტორიულ მთლიანობას“.
სტატიის ავტორი ესაუბრება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) უფროს მეცნიერ-თანამშრომელს ნიკოლაი სილაევს, რომლის აზრით, Heritage Foundation-ის ანგარიშში გადმოცემული იდეა საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსის გათვალისწინებით ორი-სამი წლის წინათაც განიხილებოდა, მაგრამ არაოფიციალურად.
„ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა არარეალისტურია. ჯერ ერთი, რომ საქართველოსთვის ეს ნიშნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს, თანაც ლოზუნგით „ნატო საქართველოს ანაწევრებს“; მეორე - საეჭვო სიტუაციაში აღმოჩნდება თვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც, რომელიც, ალბათ, განაცხადებს, რომ წესდების მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ შეიძლება შერჩევით თუ დათქმით იქნეს გამოყენებული. და თუ საქართველოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება იქნება, რა მოხდება სხვა შემთხვევებში? ეს იგივეა, რომ ამ მუხლის ძალა იმავე საქართველოს მიმართ საერთოდ გაუქმდეს. ჰოდა, თუ უცებ სამხედრო კონფლიქტი დაიწყება, ვინ გაარჩევს, საქართველომ დაიწყო ომი თუ ის ჩაითრიეს? იმის ნაცვლად, რომ აღნიშნული მუხლით ავტომატურად შევიდეს ძალაში კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, დაიწყება დაინტერესებულ [მხარეთა] დავა, თუ ვინ და სად დაიწყო პირველმა ომი“, - ამბობს ნიკოლაი სილაევი „ნეზავისიმაია გაზეტას“ ჟურნალისტთან საუბარში.
ავტორს თავის თვალსაზრისს უზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც. იგი აღნიშნავს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების „კომპრომისული იდეა“ ახალი არაა, მაგრამ ასეთი სცენარი უკიდურესად არაპოპულარულია. მსგავსი მიდგომა ზიანს მოუტანს ქართული საზოგადოების დასავლურ სწრაფვას, რომლისთვისაც ნატოში გაწევრიანება სამომავლოდ ტერიტორიული მთლიანობის ერთგვარ გარანტად ითვლება.
„ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალიანსი იარაღით ხელში დაიწყებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენას. საზოგადოების თვალში საქართველოს ნატოში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოების ერთგვარ გარანტიად მიიჩნევა. მასში იგულისხმება რუსეთის დათმობაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხშიც. ე.წ. „კომპრომისული გაწევრიანება“ კი იქამდე მიგვიყვანს, რომ ნატოში მიღება ქართულ საზოგადოებაში აქტუალობას დაკარგავს: რაში გვჭირდება იმ ალიანსში ყოფნა, თუ მისი ფასი ტერიტორიების დაკარგვაა?“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.