გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ექსკლუზივი
SOS! ლისის ტბა შრება?

17-06-2019

თბილისელების ერთ-ერთმა საყვარელმა დასასვენებელმა ადგილმა - ლისის ტბამ შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს.


ამ დროისთვის ტბის სიღმე დაახლოებით 1-1,5 მეტრითაა დაკლებული, რაც ვიზუალურადაც ადვილი შესამჩნევია.


როგორც საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ NSP.GE-ს კომპეტენტურმა წყარომ განუცხადა, ტბაში წყლის დონის კლებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.


ამ ფაქტორთაგან ერთ-ერთი ისაა, რომ ტბის ხელოვნური წყალმომარაგება, რითაც წყალსაცავი წლების წინ იკვებებოდა, დღეს ფაქტიურად სრულადაა განადგურებული.


პორტალ NSP.GE-ს კორესპონდენტმა ვითარება ადგილზე მოინახულა და აღმოჩნდა, რომ მილი, რომლითაც ტბა წყლით ხელოვნურად მარაგდებოდა, გადაჭრილია.


გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციით, უკვე იჯარითაა გაცემული წყალსატუმბი ობიექტი, საიდანაც მილსადენით წყალი ტბისკენ მიედინებოდა და დღეს აღნიშნული წყალსატუმბი ტბის ნაცვლად კერძო ობიექტების წყალმომარაგებას ახორციელებს.


ლისის ტბას, გარდა აღნიშნული მილსადენისა, წყლით სპეციალური არხიც ამარაგებდა, რაც დღეს თითქმის მთლიანადაა ამოვსებული და უფუნქციოდაა დარჩენილი.


ლისის ტბის შრობის პროცესის გამომწვევი მესამე ფაქტორი კი იმ ტაფობის ნაყარი მიწით გავსებაა, სადაც არსებული ბუნებრივი დაქანება ახლომახლო გორაკებიდან ნალექის სახით მოსული წყლის შემკრებ ფუნქციას ასრულებდა და ტბის ბუნებრივი ნალექით შევსებას ახორციელებდა.
როგორც პორტალ NSP.GE-ს კორესპონდენტმა ადგილზე გაარკვია, დაქანებულ ტაფობზე მილიონობით კუბური მეტრი მიწაა ხელოვნურად დაყრილი, რაც სავარაუდოდ, მშენებარე საცხოვრებელი სახლების საძირკველიდან ამოღებული მიწის მასაა.


როგორც ჩვენ კორესპონდენტს კომპეტენტურმა წყარომ განუცხადა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ტბაში წყლის ისეთი რაოდენობა იყო, რომ არსებობდა ქვემო ფერდობზე მდებარე დასახლების - ვეძისის დატბორვის სდაფრთხე, რის გამოც, ტბაზე სპეციალური მოწყობილობაც კი დამონტაჟდა და როდესაც ტბის დონე საფრთხის შემცველ ნიშნულს მიაღწევდა, ამ მოწყობილობის მეშვეობით წყალი სპეციალურ სადინარში გადაედინებოდა, რათა მას კრიტიკული დონისთვის არ მიეღწია.


დღეს კი აღნიშნული მოწყობილობა, სანაპიროს დაახლოებით 10-15 მეტრითაა დაშორებული და თუ გავივალისწინებთ, რომ მისი სიმაღლე დაახლოებით 1 მეტრია, ადვილი წარმოსადგენია სად იყო ლისის ტბის ნაპირი და სად არის დღეს.


ჯერჯერობით უცნობია რა პოზიცია აქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკოლოგიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.


საჭიროების შემთხვევაში, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ მათი პოზიცია მკითხველამდე მივიტანოთ.


გარდა ამისა, საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გეგმავს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტური მოკვლევა აწარმოოს, რის შესახებაც ჩვენ მკითხველს ვრცელ მასალას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ.


ფოტოებზე:


1.მილი, რომლითაც ლისის ტბა მარაგდებოდა დღეს გადაჭრილი და უფუნქციოა;


2.სავარაუდოდ სამშენებლო ობიექტებიდან მოტანილი და დაყრილი მილიონობით ტონა მიწა;


3.არხი, რომელიც ერთ დროს ტბის წყალუზრუნველყოფას ახდენდა, ფაქტიურად აღარ არსებობს;


4.მოწყობილობა, რომლის დაფარვის შემთხვევაში წყალი სპეციალურ სადინარში გადადიოდა დღეს ნაპირს მნიშვნელოვნადაა მოშორებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930