17-06-2019
საქართველოში ყველა ადამიანის უფლება დაცულია და გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თბილისი პრაიდის’’ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები ქართულ საზოგადოებას ხელოვნურად თავსმოხვეულია და აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური. საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლებები არის დაცული. ჩემი აზრით, საქართველოში ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, საზოგადოებისთვის თავზე მოხვევა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის უფლება დაცულია და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. პრობლემები და გამოწვევები რაც, საქართველოს წინაშეა, არის პირველ რიგში ოკუპაცია და სიღარიბე. სჯობს, მთელი საზოგადოება ამ პრობლემების და ყველაზე რუტინული გამოწვევების გადაჭრაზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ პროცესი სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავა, რეაგირება კანონის შესაბამისი იქნება.
„ვინც სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავა, ის აგებს პასუხს კანონის წინაშე. ამის დემონსტრირება არაერთხელ გაგვიკეთებია და თუ დაგვჭირდა კიდევ გავაკეთებთ. ეს არის ძალიან ფაქიზი და მგრძობიარე საკითხი. მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის ვალდებულებაა ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენების დროს გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პოლიციელებს და განაცხადა, რომ მათ მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა შეძლეს.