12-02-2018
აზერბაიჯანული გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება აშშ-ის ორგანიზაციის The Heritage Foundation-ის მკვლევარის ლუკ კოფის მიერ მომზადებულ ცნობილ ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის. მასში გადმოცემულია ანგარიშის მოკლე შინაარსი (ავტორი რ.ველიევი).
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს, კერძოდ, გაზეთ „რეზონანსის“ სტატიას, რომელიც The Heritage Foundation-ის მკვლევარის ლუკ კოფის ანგარიშს ეხმაურება და რომელშიც ქართველი ექსპერტის კორნელი კაკაჩიას თვალსაზრისია მოცემული: „საქართველოს ნატოში გაწევრიანების ყველაზე სერიოზული მცდელობა ალიანსის ბუქარესტის სამიტის დროს იყო, 2008 წელს. ვისაც ეს აღარ ახსოვს, გავახსენებ, თუ რით დასრულდა ეს მცდელობა: სამიტზე მივიდა ვლადიმერ პუტინი, მან როგორც ღიად და საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმაც აუხსნა დასავლელ ლიდერებს, რომ მათ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი უნდა დაივიწყონ. უბრალოდ, მოეშვან ამ თემას და დაივიწყონ. რუსეთის პრეზიდენტმა მათ ისე თვალსაჩინოდ და გასაგებად აუხსნა, რომ დასავლელმა ლიდერებმა, იმიჯის დაკარგვის მიუხედავად, კუდი ამოიძუეს და ალიანსის [აღმოსავლეთით] გაფართოებაზე უარი თქვეს. დიახ, რასაკვირველია, ისინი აგრძელებდნენ მხარდაჭერას, მაგრამ მათგან ისეთმა ყველაზე „მაგარმა ქორმაც“ კი, როგორიც ჯორჯ ბუში იყო, რუსეთის ლიდერის მიერ გასმული „წითელი ხაზის“ გადალახვა ვერ გაბედა. ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს იმის ცოდნას, თუ რა გაუკეთა ვლადიმერ პუტინმა ჯორჯ ბუშს და როგორ დაარწმუნა იგი, მაგრამ ფაქტია, რომ მან ის ისეთნაირად დაარწმუნა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამაც კი ვერ შეძლო ნატოს გეგმის აღორძინება უკრაინისა და საქართველოს მიღების მიზნით“.
როგორც ავტორი აღნიშნავს, „აშკარაა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხს კვლავ დღის წესრიგში აყენებს, რაც, თავის მხრივ, უდიდეს პოლიტიკურ და სამხედრო რისკებს ქმნის. უკრაინას და საქართველოს - ორივეს მწვავე ტერიტორიული და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვთ. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, მისი ალიანში გაწევრიანება გარდაუვლად შეცვლის სამხრეთ კავკასიაში არსებულ ძალთა ბალანსს და ნეგატიურად აისახება სომხეთისა და აზერბაიჯანის უსაფრთხოებაზე, გააქტიურდება ყარაბაღის კონფლიქტიც. არაფერს ვამბობთ თვით ქართულ საზოგადოებაში არსებულ შიდა განხეთქილებაზე ალიანსის საკითხში, რომლის საფუძველზე შესაძლოა უკრაინის მსგავსი მოვლენები განვითარდეს.
ნატო სწრაფად მიიწევს აღმოსავლეთისაკენ: ალიანსს ბაზები უკვე რუმინეთში და ბულგარეთში აქვს. პოლონეთ-ჩეხეთში მოინიშნა ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის პოზიციური რაიონებიც. ანუ რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება მიმდინარეობს. დღეს დასავლეთი საქართველოსა და უკრაინის ნატოში შეთრევას ცდილობს. მათ დიდი ხანია „წითელი ხაზს“ გადააბიჯეს. რუსეთი, უბრალოდ, იძულებულია პასუხი გასცეს. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონს წინ სერიოზული მოვლენები ელოდება“, - ასკვნის ავტორი.