13-02-2018
"2013 წელს საქართველოდან გაქცევით მიხეილ სააკაშვილმა თავიდან აიცილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მაგრამ მისი აქტივების დიდი ნაწილი დააყადაღეს. ამის მიუხედავად, ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში ყოფნისას ჰქონდა იმის ფული, რომ საპროტესტო მარშები დაეფინანსებინა, შეეძინა მრავალრიცხოვანი კარვები, დაექირავებინა დარბაზები ღონისძიებების ჩასატარებლად, ჰქონოდა თავისი პარტიის ოფისი, ჰყოლოდა მომსახურე პერსონალი და პირადი მცველები. გარდა ამისა, იგი ხელგაშლილად ცხოვრობდა - კიევის ცენტრში ექვსი ათასდოლარიანი ბინა ჰქონდა დაქირავებული"-ამის შესახებ ამერიკული გამოცემის, «Politico»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს პუბლიკაციიდან:
- საიდან ამდენი ფული? ასეთი გაუმჭვირვალობა არ შეესაბამებოდა იმას, რომ იგი თავისთავს ანტიკორუფციულ ჯვაროსან მებრძოლად წარმოსახავდა. სამწუხაროდ, უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანიზაციები და ჟურნალისტები თავს იკავებდნენ მიხეილ სააკაშვილისათვის მწვავე კითხვების დასმისაგან.
ბედის ირონიით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის გაუმჭვირვალე [შემოსავლების] ფაქტმა ხელი შეუწყო იმ ბრალდებების დაჯერებას, რომ იგი მართლაც იღებდა ფულს მოსკოვის დანაშაულებრივი დაჯგუფებისაგან.
როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში გაირკვევა, დარჩება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ფიგურად. ალბათ, ეს დამოკიდებული იქნება უკრაინისა და საქართველოს სასამართლოებზე, რომლებიც, პოლონეთში ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალის გაძევების მიუხედავად, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვას გააგრძელებენ.
ერთი რამ აშკარაა: მიხეილ სააკაშვილის კარიერა სპირალურად ქვემოთ იწევს, თუმცა მისი საბოლოო გაუფასურება, ალბათ, არ მოხდება. ყოფილი პრეზიდენტი ყოველთვის იყო ხალხის მასებისთვის ადრენალინის მიმცემი და უფრო მეტად - რევოლუციის იდეების ჩამნერგავი. სხვათა შორის, ამას წინათ მან ერთ-ერთ ინტერვიუში კიდეც განაცხადა: „ვერანაირი სექსი ვერ შეედრება რევოლუციურ წარმატებას. რევოლუცია ეს უფრო დიდი რამეა, ვიდრე ადრენალინი“.
ექს-პრეზიდენტი ჯერ კიდევ ოცნებობს ახალ რევოლუციაზე და მას თავის პირად პოლიტიკურ ბედს უკავშირებს. ვარშავაში დეპორტირებისას მან განაცხადა: „მე პოლონეთი ძალიან მიყვარს, მაგრამ მე უკრაინისთვის და საქართველოსთვის ვიბრძვი“. დიახ, ყოფილ ქართველ ლიდერს საბრძოლო განწყობა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი პოლიტიკური კარიერა უკვე ისეა დაცემული, რომ საეჭვოა, მან კვლავ მოახერხოს პოპულისტური დაპირებებით მოსახლეობის იმედიანი მზერის მიპყრობა.
მიხეილ სააკაშვილის დაცემა, საბოლოო ჯამში, მის მიერვე დაწყებული რევოლუციის წარმატების დადასტურებაა. პოსტკომუნისტურ სივრცეში ხალხმა ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმები დაამხო და საკმაოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება შექმნა. ამ წარმატებამ პოლიტიკური დისკურსი ქუჩიდან ექსპერტთა დონეზე და მასმედიის საშუალებებში გადაიტანა. მიმდინარეობს პოლიტიკური დისკუსიები, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ცვლილებების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: www.newspress.ge