14-02-2018
"რამდენიმე დღის წინათ რუსეთის ფედერალური საკრებულოს გაზეთში - «Парламентская газета»-ში გამართულ „სომხეთის დღესთან“ დაკავშირებით რედაქციას ეწვივნენ რუსი პოლიტიკოსები, მათ შორის სომხეთის ელჩი რუსეთში ვარდან ტოგანიანი. საუბრის თემას, ბუნებრივია, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები წარმოადგენდა.
ვარდან ტოგანიანის თქმით, სომხეთს და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, „საქართველოსა და აფხაზეთის ტერიტორიების გავლით“, მოსკოვისა და ერევნის ეკონომიკურ ინტერესებში შედისო. ამ პროექტს პოლიტიკური კავშირების გამყარებაც შეუძლია, თუმცა ორმხრივი ურთიერთობა ისედაც უმაღლეს დონეზე ვითარდებაო, უთქვამს სომეხ დიპლომატს"-წერს აზერბაიჯანული გამოცემა «Эхо».
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
ელჩის შემდეგ სიტყვით გამოსულა სახელმწიფო სათათბიროს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ ნილოვი, რომელიც მას დაეთანხმა და განაცხადა, რომ „რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენა ჯერ შეიძლება სატვირთო გადაზიდვებით დავიწყოთ, ჩვენს წინაშე ირანის უკიდეგანო ბაზარი იშლებაო“. შემდეგ დაუმატებია: „რადგანაც სომხეთსა და საქართველოს ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ, პროექტის რეალიზება ბევრადაა დამოკიდებული თბილისია და ერევნის დიპლომატიურ ძალისხმევაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რკინიგზის აღდგენის საკითხმა საქართველო არ შეაშფოთოს“. დეპუტატამა შედარება გააკეთა და აღნიშნა, რომ ლიტვასა და რუსეთს შორის საკმაოდ რთული ურთიერთობის მიუხედავად, სატვირთო მატარებლები, ლიტვის ტერიტორიის გავლით, კალინინგრადში მაინც ნორმალურად დადიან: „მატარებლები არსად არ ჩერდებიან, ვაგონებს პლომბი ადევს. იგივე სქემა შეიძლება სომხეთ-რუსეთის მარშრუტზეც შეიძლება გამოვიყენოთ“. სომხეთის ელჩმა რუსი პოლიტიკოსის იდეას იმავწუთს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ამ რკინიგზის ამუშავება ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვისაც სასარგებლო იქნებაო.
იდეა გარეგნულად ლამაზად ჟღერს, ოპტიმისტურია და, ალბათ, რეალისტურიც, მინიშნებაც კი არის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზა შეიძლება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ალტერნატივაც კი იყოსო, მაგრამ როცა ვინმე ამ საკითხზე საუბრობს, ერთი დეტალი არ უნდა დაივიწყოს: რკინიგზა, რომელზეც სომხეთის ელჩი ლაპარაკობს, გადის ქართული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. სანამ მოსკოვი სოხუმის ოკუპაციურ რეჟიმს „დამოუკიდებელ სახელმწიფოს“ უწოდებს, მანამ ტრანზიტი ისე ვერ მოხერხდება, რომ საქართველო არ შეშფოთდეს.
იყო მომენტი, როცა ერევანს იმედი მიეცა - საქართველომ ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიის კომპანიასთან, ე.წ. სავაჭრო დერეფნებში (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე) ტვირთების მოძრაობის კონტროლის შესახებ, მაგრამ ეს იმედები სომხეთს მალე გაუცრუვდა: აბაშიძე-კარასინის ამასწინანდელმა შეხვედრამ ცხადჰყო, რომ რუსეთს და საქართველოს ამ საკითხთან მიმართებით სრულიად სხვადასხვა პოზიციები აქვთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთი ცდილობს 2011 წლის შეთანხმება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და საქართველოსთან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვრები დააფიქსიროს. სოხუმი და ცხინვალი წინასწარ მოემზადნენ და ადმინისტრაციულ საზღვრებზე საბაჟო პუნქტებიც კი გახსნეს. თბილისი ამის კატეგორიული წინააღმდეგია: საქართველოს განცხადებით, მოსკოვი ცდილობს მის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის საბაჟო სივრცეში მოაქციოს. ასეთ სიტუაციაში ერევანს იმის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ საქართველო თავის ეროვნულ ინტერესებს დათმობს სომხეთის სასარგებლოდ.