გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: როდესაც დემოკრატიასა სამართლიან არჩევნებზე ვსაუბრობთ, ფორმულა ძალიან მკაფიოა - ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი

27-06-2019

პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება არის მეორე პრინციპული ნაბიჯი ჩვენი ხედვის რეალიზაციის მიმართულებით - საქართველო იყოს სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი უპრეცედენტოა და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებს მოიტანს.

„ეს არის მეორე ნაბიჯი, რომელიც განამტკიცებს საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის და საპარლამენტო დემოკრატიის იდეას. ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა, რაც გვაქვს ქვეყანაში, ეს არის საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია. პრობლემები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, მოითხოვს ერთსულოვნებას, კონსოლიდაციას. პოლარიზაციას თითოეული ჩვენგანი უნდა ებრძოდეს. სამწუხაროდ, ასეთი გარემო შექმნა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათ მიერ მართული მედიასაშუალებებით. ის ზიზღის ენა, განცხადებები, ყველაფერი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, ემსახურება მხოლოდ ერთს - მოხდეს საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ფრაგმენტაცია და პოლარიზაცია. შესაბამისად, ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში პროპორციული არჩევნები კიდევ უფრო მისასალმებელია, რომელსაც მე მხარს ვუჭერ. ეს საშუალებას მოგვცემს, პარლამენტში წარმოდგენილი იყოს თითოეული პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის რომელიმე ჯგუფის თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით, არსებობს არგუმენტებიც, რომ ეს გარკვეულწილად იმოქმედებს გადაწყვეტილების მიღების ეფექტურობაზე, დროზე, პროცედურებზე და მოკლევადიან პერსპექტივაში ამას შესაძლოა ჰქონდეს ნეგატიური მხარე, თუმცა საპარლამენტო დემოკრატიის იდეის განმტკიცებისთვის ეს ძალიან სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯია, რითაც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება.

„არჩევნების ხარისხის ამაზე მაღალი თამასა არ არსებობს. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივა. ვერ მოვისმინე არგუმენტი ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რატომ არ უნდა წავიდეთ ამ გზით. ერთადერთი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, მსჯავრდებული სააკაშვილია, ვინაიდან ამ ძალისთვის არანაირი არჩევნები, არც ერთი დემოკრატიული პროცესი ფასეულობას არ წარმოადგენს. მათ აქვთ მხოლოდ რევანშისტული და დესტრუქციული გეგმები და ეს იყო კიდევ ერთი ტესტი იმისა, ვის რა დამოკიდებულება აქვს საკუთარი სამშობლოს მიმართ. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესსა და სამართლიან არჩევნებზე, ფორმულა ძალიან მკაფიოა - ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930