27-06-2019
ჩვენ დავიცავთ თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ინტერესს, განსაკუთრებით ვსაუბრობ იმ სექტორზე, რომელმაც, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების შემცირებული რაოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი და მთავრობა მუშაობს ყველა მიმართულებით, მათ შორის, რომ არ შემცირდეს რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების რაოდენობა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მეორე მიმართულებაა საქართველოს ეკონომიკის, მათ შორის ტურისტული სექტორის კიდევ უფრო ეფექტურად ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში.
„ასეთ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ყოველთვის მოდის კერძო სექტორისგან, იმ ხალხისგან, რომელსაც რეალურად აწუხებს ეს ყველაფერი და ამავე დროს აქვთ კონკრეტული იდეები, როგორ შეიძლება მათი დახმარება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გავქვს ინტენსიური კომუნიკაცია კერძო სექტორთან, რომ შევჯერდეთ იმ მოქმედებებზე, რომელიც დაგვეხმარება ცუდი სცენარების თავიდან აცილებაში. ყოველდღიურად იმართება შეხვედრები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან. მე ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ამ სექტორის წარმომადგენლებთან და ეს არის ნომერ პირველი დავალება, რომელიც აქვს ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას. ჩვენი ქმედება სრულ თანხვედრაში იქნება კერძო სექტორის ინიციატივებთან“, - განაცხადა პრემიერმა.