გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მტირალას მთაზე ახალი ტურისტული მიმართულების შექმნა იგეგმება

3-07-2019

მტირალას მთასა და სოფელ ყოროლისთავში ახალი ტურისტული მიმართულების შექმნა იგეგმება, რომლის მიხედვითაც ბუნებაში მოგზაურობის მოყვარულებისთვის შესაძლოა ბათუმთან ახლოს ტურისტული თავშესაფრები, პანორამული პლატფორმები და 11 კილომეტრიანი ეკოსათავგადასავლო ველობილიკი მოეწყოს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.


პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტი ითვალისწინებს: მთა მტირალასა და სოფელი ყოროლისთავის კვლევებზე დაფუძნებული ტურისტული განვითარების გეგმის მომზადებას; განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების არქიტექტურული ნახაზების, პროექტის სადემონსტრაციო-საპრეზენტაციო ვიდეოსა და 3D ვერსიების მომზადებას; მთა მტირალას ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადებას.


როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათი ზოიძემ თქვა, მტირალას მთისა და ყოროლისთავის ტურისტულ მიმართულებად განვითარება კიდევ ერთ საინტერესო ტურისტულ პროდუქტს გააჩენს რეგიონში, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და სოფლის ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციას.


"მტირალას მთა მისი ქალაქთან სიახლოვიდან გამომდინარე ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება ბათუმში ჩასული ტურისტებისთვის. მთიდან იშლება ზღვისა და მთის ულამაზესი ხედები, სადაც შესაძლებელია მოეწყოს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის წვიმის პერიოდშიც ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტად იქცევა. იგულისხმება მთაზე გადახურული პანორამული პლატფორმებისა და ტურისტული ატრაქციების მოწყობა. ასევე აღსანიშნავია, რომ სოფელ ყოროლისთავის მოსახლეობა მოტივირებულია ჩაერთონ ტურისტულ საქმიანობაში და შესთავაზონ ტურისტებს მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობის პროდუქტები", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.


მტირალას მთისა და სოფელ ყოროლისთავის ტურისტული მიმართულებით განვითარების გეგმის მომზადებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3“ ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.






https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930