15-02-2018
უკრაინიდან პოლონეთში დეპორტირებულმა მიხეილ სააკაშვილმა მეორე დღესვე ჰოლანდიაში ამოჰყო თავი და ამ ქვეყნის ხელისუფლებისაგან პირადობის მოწმობა მიიღო, რომლის მიხედვით, მას ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნისა და მუშაობის უფლება აქვს.
როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გააგრძელებს თუ არა იგი პოლიტიკურ ბრძოლას და კიდევ რომელ ქვეყანაში შეუძლია მას დამკვიდრება - ამ საკითხებზე რადიო „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ (RFE//RL) რუსული რედაქციის - „რადიო სვობოდას“ პროექტ „ეხო კავკაზას“ სტუდიაში 14 თებერვლის საღამოს საუბრობდნენ ექსპერტ-პოლიტოლოგები გია ხუხაშვილი (თბილისიდან) და ანდრეი ოკარა (მოსკოვიდან). საუბარს უძღვება ჟურნალისტი ვადიმ დუბნოვი.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდებს ექსპერტების საუბრიდან:
ვადიმ დუბნოვი: მოდით, ახლავე გავარკვიოთ: ვინაა მიხეილ სააკაშვილი - ქართველი, უკრაინელი, ან შეიძლება რუსი თუ სხვა პოლიტიკოსი? გია, თქვენ როგორ ფიქრობთ?
გია ხუხაშვილი: იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს გლობალურ პოლიტიკურ მოღვაწედ თვლის, ასევე მისი ხასიათის გათვალისწინებით, იგი ყოველთვის იქაა, სადაც ქარიშხალი ჩნდება. მისთვის აბსოლუტურად სულ ერთია, რომელ ქვეყანაში იმოქმედებს. მთავარია იყოს ნეგატიური ველი, კრიზისი... იგი როგორც კრიზისული ტიპის პოლიტიკოსი, ყოველთვის ასეთ სიტუაციებში ჩნდება. დაბადებით მიხეილ სააკაშვილი ქართველია, იგი უკრაინაში სწავლობდა. მე არ მინდა ვამტკიცო, რომ სხვა ქვეყნებში არ გამოჩნდება-მეთქი, მაგრამ ეს ორი ქვეყანა ლოგიკურად ერთმანეთთან არის დაკავშირებული მისი სამოქმედო არიელისათვის. ვისი პოლიტიკოსია? იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო - ეს ფაქტია. იყო ოდესის ოლქის გუბერნატორი - ესეც ფაქტია. ასევე ჰქონდა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეობაც...
ვადიმ დუბნოვი: ანდრეი, მართლაც ჩანს მიხეილ სააკაშვილის თვითდამკვიდრებაში პერმანენტული კრიზისის ლოგიკა?
ანდრეი ოკარა: დიახ, მიხეილ სააკაშვილი სწორედ კრიზისული მენეჯერია, ანუ მას გარკვეულწილად შეუძლია კრიზისიც შექმნას და ზოგჯერ მოაგვაროს კიდეც. იგი საკმაოდ ეფექტურად ასრულებს ტარანის როლს ვიღაცის წინააღმდეგ. ოდესაში გუბერნატორობის დროს მან რაღაც-რაღაცეები გააკეთა, მაგრამ უფრო მეტად იმედგაცრუება გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის იდენტურობის საკითხი რთულია: იგი ქართველი პოლიტიკოსია, რადგან მას თავის უმაღლეს რეალიზებას სწორედ საქართველოში მიაღწია. ამავე დროს, იგი უკრაინელი პოლიტიკოსიც არის, რადგან იგი გუბერნატორი იყო და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკაში საქმიანობას. მიხეილ სააკაშვილი ასევე არის მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსიც, რადგან დასავლური ისტებლიშმენტი მას თავის ნაწილად მიიჩნევს - ისეთ გავლენიან, მძიმეწონიან ფიგურად, რომელსაც პოლიტიკური ჭადრაკის დაფიდან ასე უბრალოდ ვერ მოაშორებ.
ვადიმ დუბნოვი: გია, სად ხედავთ მიხეილ სააკაშვილის თვითდამკვიდრების შესაძლებლობას?
გია ხუხაშვილი: მე არ ვფიქრობ, რომ იგი უახლოეს ხანში საქართველოში დაბრუნდება. მიხეილ სააკაშვილს მშვენივრად ესმის, რომ მისი დრო ჯერ დამდგარა და დიდი ხნის განმავლობაში არ დადგება. 2012 წელს, იმის მიუხედავად, რომ მის მოქმედებაში ბევრი პოზიტივი იყო, გატარებული რეფორმების უკან იგი კონკრეტულ ადამიანს ვერ ხედავდა. ამიტომ გასაგებია, რომ [მოსახლეობის] დამოკიდებულება მის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო. 2012 წელს მას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს, შესაბამისად, მისთვის საქართველოში დაბრუნება ძალიან ადრეა. ვფიქრობ, ეს მას კარგად ესმის. უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს ჯერ საკუთარი თავის რეალიზება ბოლომდე არ მოუხდენია და იქ, ალბათ, იგი თავის სათქმელს კიდევ იტყვის... უკრაინაში პოლიტიკური სიტუაცია ყოველ წუთში სეიძლება შეიცვალოს და ამ მომეტში მიხეილ სააკაშვილი ისევ იქ გაჩნდება, ტარანის სახით, და ხალხს ქუჩაში გაუძღვება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ლიდერი იქნება და დივიდენდებს მიიღებს (იქ სხვა ფიგურებსაც ვხედავ), მაგრამ ამჟამად მან პაუზა აიღო.
ვადიმ დუბნოვი: გია, მე დავუბრუნდები თქვენს ნათქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის დრო საქართველოში ჯერ დამდგარა. როგორ გავიგოთ - მისი „მეორედ მოსვლის“ დრო არ მოსულა თუ მისი დრო საერთოდ წავიდა?
გია ხუხაშვილი: დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თვით მიხეილ სააკაშვილს საკმარისი საყრდენი არ აქვთ სერიოზული პოლიტიკური პროცესის დასაწყებად, სიტუაციის შესარყევად. მაგრამ იცით, რაშია საქმე? ყველაფერი შეფარდებითია - არაა გამორიცხული, რომ მოსახლეობას დღევანდელი ხელისუფლება ყელში ამოუვიდეს და მიხეილ სააკაშვილზე ნოსტალგია გაუჩნდეთ...
ვადიმ დუბნოვი: და ის მაშინ ისევ ქართველი პოლიტიკოსი გახდება?
გია ხუხაშვილი: იცით, იგი პოლიტიკური მტაცებელია. იგი ძალიან კარგად გრძნობს თავს ასეთ სიტუაციებში... და როგორც კი შანსი უჩნდება, ხელიდან არ უშვებს.
ვადიმ დუბნოვი: ანდრეი, რამდენად შესაძლებელია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დრო მოვიდეს? გინდაც რამენაირი ფორმით?
ანდრეი ოკარა: მოვა თუ არა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დრო, ამის განსაზღვრა რთულია. მას არ შეუძლია გახდეს უკრაინის პრეზიდენტი (კონსტიტუციის თანახმად), ასევე საეჭვოა მისი პრემიერ-მინისტრობაც, მაგრამ სავსებით შეიძლება იყოს ქუჩის ტრიბუნად, დემაგოგად, სატელევიზიო ორატორად... მას პოლიტიკური ტრიუკები კარგად გამოსდის, ამ ამპლუაში მიხეილ სააკაშვილი მეტ-ნაკლებად წარმატებულია. იგი ვერ იქნება უკრაინის პოლიტიკური ელიტის კრისტალიზების ცენტრი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა კი - ახალ ელექტორალურ ციკლში. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული შეცდომები ისაა, რომ უკრაინაში მისი უნარი სწორად ვერ გამოიყენეს.
ვადიმ დუბნოვი: თქვენ მხედველობაში ქვეყნის ხელისუფლება გყავთ?
ანდრეი ოკარა: დიახ და უპირველესად პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. სახელმწიფო სამსახურში უცხოელების მიწვევის იდეა თავდაპირველად კონკრეტულ პიროვნებას - კახა ბენდუქიძეს გულისხმობდა. მიდიოდა ლაპარაკი - შეიძლება თუ არა კახა ბენდუქიძე იყოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ან ვიცე-პრემიერი, ან რომელიმე სერიოზულ თანამდებობაზე. იმიტომ, რომ საქართველოში მიღებულ მის რეფორმისტულ გამოცდილებას უკრაინაში მაღალ დონეზე აფასებდნენ. მის ნაცვლად სახელმწიფო სამსახურში მიიწვიერს მიხეილ სააკაშვილი, ვისთვისაც ოდესის მაფიის დამარცხება უფრო ძნელი გამოდგა, ვიდრე მთელი საქართველოს რეფორმირება.
ვადიმ დუბნოვი: მიხეილ სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკური ფიგურები აშკარად მოთხოვნადია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. შეიძლება თუ არა ისე მოხდეს, რომ უკრაინელებმა მასზე, ასე ვთქვათ, „ფსონი დადონ“?
ანდრეი ოკარა: ვფიქრობ, დეპორტაციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს სრულიად ახალი, ჯერ კიდევ შეუფასებელი პოლიტიკური პერსპექტივები გაუჩნდა: ყოველ ევროპულ ქვეყანას შეუძლია მას მოქალაქეობა მისცეს, სამსახური მისცეს, ან იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციაში, ან, ვთქვათ, აშშ-ის წარმომსდგენლის კურტ უოლკერის მოადგილე იყოს... და სწორედ ამგვარი სტატუსით ისევ გამოჩნდეს უკრაინაში და პეტრო პოროშენკოსთან ლაპარაკი დაიწყოს - არა როგორც ქუჩის შფოთისთავივით, არამედ როგორც სერიოზული ორგანიზაციის წარმომადგენლის სახით. მას ჯერ კიდევ აქვს უკრაინაში გაკრვეული ნდობის რესურსი, კარგად ეწერება უკრაინულ რელიებში, მშვენივრად ლაპარაკობს უკრაინულად განუმეორებელი ქართული აქცენტით.
ვადიმ დუბნოვი: გია, მე მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის ყველაფერი, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აკეთებს, ეს თითქოს საფეხურად განიხილება საქართველოში წარმატებისთვის. როგორ ფიქრობთ, აგროვებს თუ არა იგი უკრაინაში საქართველოსთვის აუცილებელ პოლიტიკურ კაპიტალს?
გია ხუხაშვილი: არა, იგი ახლა საქართველოში არაფერს არ აგროვებს. მისი პოლიტიკური საყრდენი თითქოსდა დახურულ სისტემას წარმოადგენს და მას განვითარების პოტენციალი არ აქვს... ჩემი აზრით, პოლონეთს [მისი იქ დაბრუნების შემთხვევაში შეუძლია მიხეილ სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, კიევ-ვარშავას შორის არსებული პოლიტიკური დაზაბულობის ფონზე. პრინციპში, პოლონეთს ძალიან სურს უკრაინის დასჯა სტეპან ბანდერას ჰეროიზაციის გამო... მიშას ეს კარგად ესმის. პოლონელები მიხეილ სააკაშვილს დამოკლეს მახვილივით დაკიდებენ პეტრო პოროშენკოს თავზე. (...)