6-07-2019
კახეთში, ქალაქ გურჯაანში ტურიზმისა და აგროსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ნათია თურნავამ რუსი ტურისტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია რუსი ტურისტის შენარჩუნება და ამისთვის ვიზიტორებს სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ.
"საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და აქ საფრთხე არავის ემუქრება. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ხშირად დეზინფორმაციის მატარებელია და ეს ვითარება უნდა გამოვასწოროთ",- აღნიშნა თურნავამ.
“რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად, რაც უფრო მეტ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან გვექნება ეკონომიკური, პრაგმატული ურთიერთობები, რაც უფრო მეტი კმაყოფილი რუსი ტურისტი წავა აქედან და წაიღებს ინფორმაციას რეალურ საქართველოზე და არა რუსული არხებიდან მოისმენს ინფორმაციას საქართველოზე, მით უკეთესია ჩვენთვის. ჩვენ ავირჩიეთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა და ამ მშვიდობიანი გზის, ამ მშვიდობიანი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია, მათ შორის, ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობა, მეტი ტურისტი ყველა მიმართულებიდან, მათ შორის რუსეთის მიმართულებიდან. რუს ტურისტს, გარდა იმისა, რომ აქ ფულს ხარჯავს და ჩვენს კეთილდღეობაში შეაქვს წვლილი, დამატებითი დატვირთვა აქვს - ის ასევე არის საქართველოს შესახებ ობიექტური და სრული ინფორმაციის გამავრცელებელი რუსეთში. ეს არის რეალობა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.